
„ნაცმოძრაობას“ ხელში რომ ჰქონდეთ უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ“
12:44:32     12-11-2019
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში რომ ჰქონდეთ უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევასა და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ. დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ, რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები“, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ვნახეთ, „ფეისბუქზე“ ათასობით „ნაციონალის“ უპრეცედენტო შტურმი პატრიარქსა და ეკლესიაზე. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ ვის ინტერესებშია და ვის მიერ არის მართული შეტევა და შტურმი ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ეს შტურმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალება და ეს დასრულდა წარუმატებლობით. ახლა ისინი ცდილობდნენ შეჭრას საპატრიარქოში და ესეც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება, იმიტომ, რომ აქ დგას ხალხი, ხელისუფლება და ეკლესია, რომელიც აუცილებლად დაუპირისპირდება ასეთ პოლიტიკურ ძალებს. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც გვახსოვს ჩვენ გასული საუკუნის დასაწყისიდან, ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია,“ - აღნიშნა კობახიძემ.
დეპუტატის ამ განცხადებას, მცირე ხმაური და შეძახილები მოყვა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.