ბალისტიკური რაკეტები - პირველი ნაბიჯები
01:19:53     21-07-2011
საკუთარი ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში განლაგებული ობიექტების განადგურების შესაძლებლობა, სამხედროებს ყოველთვის ხიბლავდა. თუმცა, როგორც ისტორია მოწმობს, გერმანელებს, ამ საქმის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდათ. მათ მიერ შექმნილმა А სერიის რაკეტებმა, რაკეტმშენებლობის განვითარების მიმართულება სამუდამოდ განსაზღვრა. აშშ-სა და საბჭოთა კავშირს კი, საჭირო კვლევების განსახორციელებლად, ათობით მილიონის დაზოგვის საშუალება მისცეს.
იმ პერიოდში, კოსმოსზე და კოსმოსურ ფრენებზე ათობით ადამიანი ოცნებობდა. 1924 წელს, საბჭოთა კავშირში პლანეტშორისი კავშირის შემსწავლელი საზოგადოება ჩამოყალიბდა. სამი წლის შემდეგ, მსგავსი ორგანიზაცია ბრესლაუში დაფუძნდა. 1930-ში მათ დიდი ბრიტანეთიც შეუერთდათ. თუმცა, რამოდენიმე ათეული ადამიანის ფანტაზიებსა და ოცნებებში ფულის დაბანდებას არავინ გეგმავდა. საჭირო სახსრების მოძიება მხოლოდ სამხედრო სფეროში შეიძლებოდა. პირველი მსოფლიო ომისას, 1918 წელს, ამერიკელმა სამხედროებმა მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფს, მყარსაწვავიანი რაკეტების შექმნა დაავალეს.
სულ მალე, სპეციალისტებმა ყურადღება თხევად საწვავსაც მიაქციეს და 1926 წელს, აშშ-ში, ამგვარ საწვავზე მომუშავე რაკეტამ პირველი ფრენა განახორციელა. შედარებით გვიან, 1931-ში მსგავსი წარმატება ევროპაშიც განხორციელდა.
გერმანელები სარაკეტო ტექნიკამ თავიდანვე მოხიბლა. გარკვეულწილად, ეს ვესალის ხელშეკრულებით იყო განპირობებული. მის თანახმად, გერმანიას ეკრძალებოდა ავიაციისა და არტილერიის განვითარება. თუმცა, რაკეტები არსად იყო ნახსნები. თხევადი საწვავი წვის დროს მყარ საწვავთან შედარებით მეტ ენერგიას გამოყოფს.
სარაკეტო საქმეში თავი განსაკუთრებით ახალგაზრდა ინჟინერმა ვერნერ ფონ ბრაუნმა გამოიჩინა. მისი პირველი მცდელობა წარუმატებელი იყო - 1933 წელს, 150 კგ-იანი თხევადსაწვავიანი რაკეტა А-1 სტარტისას აფეთქდა. მაგრამ ფონ ბრაუნი იმედს არ კარგავდა. უკვე ერთი წლის შემდეგ, იანვრის თვეში, მის მიერ შემუშავებული ახალი რაკეტა А-2 პირველი სტარტისას 2.2 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა. მსგავს ექსპერიმენტებს საბჭოთა კავშირიც ატარებდა. აქ თხევადსაწვავიან ძრავებზე ვალენტინ გლუშკო მუშაობდა. მაგრამ 1930-იან წლების ბოლოს, გერმანიამ რაკეტების საკითხებში მკვეთრად წინ წაიწია.
А-2-ის წარმატების შემდეგ, კონსტრუქტორები მის შემდგომ ვარიანტზე А-3-ზე გადაერთვნენ. მაგრამ ამასობაში გერმანელ სამხედრო ხელმძღვანელობას სულ სხვა აზრები აწუხებდა. ფონ ბრაუნს ახალი რაკეტის შექმნა დაევალა, რომლის ფრენის მანძილიც 275 კმ იქნებოდა. სასარგებლო დატვირთვის სახით, მას 1 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება უნდა წაეღო. ახალი მიზნებისთვის პენემიუნდეში სპეციალური პოლიგონიც შეიქმნა.
რაც შეეხება ახალ რაკეტას, მან ნიშნული А-4 მიიღო. მისი პირველი წარმატებული გაშვება 1942 წლის 3 ოქტომბერს შედგა. 14 რიცხვში კი რაკეტამ 190 კმ გაიფრინა. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ხელისუფლებას ინტერესი ამ პროექტის მიმართ თანდათანობით უღვივდებოდა, და რაც უფრო მეტ დანაკარგებს განიცდიდა ლუფტვაფე, მით უფრო იმედის თვალით უყურებდნენ ფონ ბრაუნის რაკეტებს.
А-4 ანუ იგივე "ფაუ-2" მსოფლიოში პირველი ბალისტიკური რაკეტა გახლდათ. მართალია ფონ ბრაუნის მიერ გამოყენებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებები მანამდეც იყო ცნობილი. მაგალითად ჰიროსკოპული მოწყობილობები ავიაციასა და ფლოტში დიდი ხანია გამოიყენებოდა. პირველი პროგრამირებადი მართვის ხელსაწყო კი ბრიტანელებმა შექმნეს. მაგრამ ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტი პირველი იყო, ვინც ისინი ერთად გამოიყენა და უნდა ვაღიაროთ, რომ არცთუ უშედეგოდ.
თავად პენემიუნდეში მხოლოდ საცდელი წარმოება იყო ორგანიზებული. მსხვილი სერიული წარმოებისთვის კი, 1943 წელს, ქალაქ ნორდჰაუზენთან, ქარხანა მიტელვერკე შეიქმნა. ეს უკანასკნელი მსოფლიოში ყველაზე მსხვილ მიწისქვეშა ქარხანას წარმოადგენდა. ის კლდეში იყო გამოკვეთილი და მისი მშენებლობა 1943 წელს დასრულდა. მანამდე აქ 1934 წლიდან ვერმახტის საწვავ-საპოხი მასალების მიწისქვეშა საწყობი იყო. შემდეგ ქარხნისთვის მიზნებისთვის საწყობი სხვა ადგილას გადაიტანეს, არსებული ფართი კი გააფართოვეს. რაკეტების აწყობაზე გერმანელები ტყვეებს ამუშავებდნენ. რომლებითაც ქარხანას იქვე აშენებული საკონცენტრაციო ბანაკი "დორა" ამარაგებდა.
А-4-ის პირველი გაშვება ლონდონის მიმართულებით 1944 წლის 6 სექტემბერს მოხდა. იმავე თვეში, ჯამში 35 გაშვება განხორციელდა. შემდგომი შვიდი თვის განმავლობაში, ლონდონისა და ნორიჯის მიმართულებით გაშვებული იყო, შესაბამისად, 1300 და 40 რაკეტა. მათგან 518 უშუალოდ ლონდონში ჩამოვარდა, ნორიჯს კი არცერთი არ მოხვდა. სარაკეტო დარტყმებისგან ინგლისში დაიღუპა 2724 და მძიმედ დაშავდა 6467 ადამიანი. მაგრამ ამ ციფრების მიუხედავად, А-4-ის საბრძოლო გამოყენების ეფექტურობა მაინც დაბალი იყო: 10კმ-იან წრეში გაშვებული რაკეტების მხოლოდ 50% ხვდებოდა.
მთლიანობაში, რაკეტა А-4-ის წარმოებას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა, ვიდრე თვითონ რაკეტამ იმსხვერპლა. ერთი რაკეტის აწყობას, საშუალოდ, ექვსი ადამიანი ეწირებოდა. დორას საკონცენტრაციო ბანაკში 25 ათასი ადამიანის გვამი იყო ნაპოვნი, კიდევ 5 ათასი ამერიკლების მოსვლის წინ დახვრიტეს.
სანამ ფონ ბრაუნის რაკეტები ლონდონს ბომბავდნენ, მათი ავტორი შორს მიმავალ გეგმებს სახავდა. ფონ ბრაუნი სარაკეტო დარტყმის განხორციელებას ამერიკაზე აპირებდა. ორსაფეხურიანი რაკეტის პროექტი ნიშნულს А-9/A10 ატარებდა. გათვლებით მისი ფრენის მანძილი 4800-5000 კმ უნდა ყოფილიყო. საკმაოდ ამბიციური პროექტის ხორცშესხმა ვერ მოხერხდა - ომი დასრულდა. თუმცა, "ფაუ-2"-მა ახალი სარაკეტო იარაღის ხანას ჩაუყარა საფუძველი. ამიერიდან, ბალისტიკურ რაკეტას მახასიათებლებისა და დამანგრეველი ძალის მიხედვით, ვერც ერთი იარაღი ვერ შეედრება.
საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ, ფონ ბრაუნს გამოგონება და მისი შესაძლებლობები სათანადოდ ჯერ კიდევ ომის მსვლელობისას შეაფასეს. ომის დასრულებისთანავე, ფონ ბრაუნსა, მის სპეციალისტთა ჯგუფზე, რაკეტების ნახაზებსა და თავად რაკეტებზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. გენიალური გერმანელი კონსტრუქტორი, რამოდენიმე ათეულ სპეციალისტთან ერთად ტყვედ ამერიკელებს ჩაბარდა. საბჭოთა კავშირი 1946 წელს სპეციალიზირებულ 88-ე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ქმნის, რომლის მუშაობის ერთადერთი სფერო ბალისტიკური რაკეტებია. იმავე წლის აგვისტოში, სერგეი კოროლიოვის ხელმძღვანელობით, გერმანული "ფაუ-2"-ის ასლი იქმნება. ტექნიკური დოკუმენტაციისა და რაკეტების კონსტრუქციის დაწვრილებით შესწავლისთვის კი, უშუალოდ გერმანიის ტერიტორიაზე სპეციალური ინსტიტუტები "რაბე", "ნორდჰაუზენ", "ბერლინი" იყო შექმნილი.
გერმანული "ფაუ-2"-ის საბჭოური ასლი ამ ქვეყნის წარმოების სფეციფიკაზე იყო მორგებული თუმცა, სრულყოფილებით მაინც არ გამოირჩეოდა. საწვავის ერთ-ერთი კომპონენტის სახით, რაკეტა 4 ტონა სპირტს მოიხმარდა. ერთ-ერთმა გენერალმა ამის გაგებაზე გაიხუმრა - "თუ ამ სპირტს ჩემს დივიზიას მისცემთ, ის ნებისმიერ ქალაქ ულაპარაკოდ აიღებსო. თქვენი ერთი რაკეტა კი მას ან მოხვდება ან არაო". გარკვეულწილად, გენერლის ხუმრობა სიმართლე იყო - საბჭოური ასლის მიერ სამიზნის გაანდგურების სიზუსტე 1 კმ-ით განისაზღვრებოდა. ეს კი არც ისე ცოტაა.
P-1-ის შემდეგ (გერმანული რაკეტის საბჭოური ასლი), კოროლიოვმა მის შემდგომ ვარიანტ P-2-ზე დაიწყო მუშაობა, რომელიც შეიარაღებაში 1951-ში მიიღეს. წინამორბედთან შედარებით, მისი ფრენის მანძილი ორჯერ გაიზარდა. გაუმჯობესდა მართვის და დამიზნების სისტემები.
შედგომი რაკეტა, შეიარაღებაში 1955 წელს მიღებული P-5 იყო, რომლის ფრენის მანძილიც უკვე 1200 კმ-ს შეადგენდა. ამ "ჩვეულებრივ" ქობინიანი რაკეტის წარმოება მცირე რაოდენობით მოხდა. მაგრამ ჯერ კიდევ 1953-ში კოროლიოვმა მისი ბირთვული ქობინით აღჭურვაზე დაიწყო მუშაობა. მისი პირველი საცდელი გაშვება 1954 წლის 10 აპრილს შედგა, შეიარაღებაში კი ორი წლის შემდეგ მიიღეს. მისი გაშვების ოპერაცია ავტომატიზირებული იყო, თუმცა, წინასასტარტო მოსამზადებელი პროცესი რამოდენიმე საათს საჭიროებდა. თხევადი ჟანგბადი აორთქლვის გამო კი, საწვავით გამართული რაკეტის დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლებოდა.
ახალი დარგი სულ უფრო და უფრო მეტ სამინისტროსა და დაწესებულების შეთანხმებულ მუშაობას საჭიროებდა. თუ P-1-ის შექმნაზე 13 საკონსტრუქტორო ბიურო და 35 ქარხანა მუშაობდა, P-7-ის შემთხვევაში, მათი რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
იმ პერიოდში ცივი ომის ახალი ეტაპი - კოსმოსური რბოლა დაიწყო. 1957 წლის 4 ოქტომბერს, კოროლიოვის რაკეტამ კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა. 1958-ის 1-ელ თებერვალს კი ფონ ბრაუნისამ - პირველი ამერიკული თანამგზავრი. თუმცა, ორივე მათგანს ბირთვული ქობინის წაღებაც შეეძლო. ამიერიდან, აშშ და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს სულ უფრო სრულყოფილი საკონტინენტთაშორისო რაკეტულ-ბირთვული იარაღის შექმნაში შეეჯიბრება. ეს რბოლა 30 წელზე მეტხანს გაგრძელდება და საბოლოოდ საბჭოური იმპერიის დაშლით დასრულდება.