ქალაქის ცენტრში, დავით საგანელიძისა და სოზარ სუბარის კადრი - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

  17:39:07     08-11-2019

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია სამ პირთად ერთად, დემონსტრაციულად დააკავეს. 

სპეცოპერაცია ფოთის ცენტრში, „კოშკთან“ ჩატარდა. სამართალმდაცველებმა კაკულია ათეულობით მოწმის თვალწინ დააპატიმრეს. 

ირაკლი კაკულია ყოფილი მემარჯვენეა. ის საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის, დავით საგანელიძის კადრად ითვლება. 

კაკულია, ამავე დროს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის მეგობარია. 

კაკულია 2014-2017 წლებში ფოთის მერი იყო, რა დროსაც მან სოზარ სუბარი ფოთის საპატიო მოქალაქედ აირჩია. 

გამოძიება, კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირებს, სწორედ ამ პერიოდში ჩადენილ დანაშაულს ედავება. 

კერძოდ: ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა-მითვისების ბრალდებით არიან დაკავებულები.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა 2 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში - საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება - ჩაბარების აქტებს, რითაც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა - ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს პერიოდში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

P.S: ივანიშვილის რეჟიმი დროდადრო საკუთარ კადრებს წირავს, რათა საზოგადოებაში კორუფციასთან ბრძოლის იმიტაცია შექმნან. მთავარი კორუფციონერები, ოლიგარქის ოჯახური კლანის წევრები კი, ხელშეუხებლობით სარგებლობენ. 

მაგალითად, სუსი ვერ აკავებს ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიუჯეტიდან 580 მილიონი ლარის ძარცვაშია ეჭვმიტანილი, ოთარ ფარცხალაძესთან და ყოფილ პრემიერ ბახტაძესთან ერთად.