თბილისის თავდაცვა
17:16:04     21-09-2010
[გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი“]
მიუხედავად იმისა თუ როგორ იქნება ორგანიზებული ქვეყნის თავდაცვა, რა სტრატეგიული თუ ოპერატიული გეგმები იქნება შემუშავებული, თბილისის დაცვა და შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი იქნება.
სანამ განვიხილავთ თბილისის დაცვის პრინციპებს, მეთოდებს და საშუალებებს მანამდე აღვწეროთ მოწინააღმდეგის სამხედრო ოპერატიულ გეგმებში რა ადგილს დაიკავებს კავკასიის უმთავრესი ქალაქი.
ჰაერი. მიუხედავად რა ხასიათის იქნება საბრძოლო მოქმედებები, მოწინააღმდეგე შეეცდება საავიაციო შეტევების განხორციელებას თბილისზე. მიზანი თბილისის როგორც საკომუნიკაციო კვანძის განადგურება, როგორც სამრეწველო ცენტრის პოტენციალის შემცირება და როგორც პოლიტიკური და სამხედრო-ოპერატიული მართვის ცენტრის მოქმედების შეფერხება იქნება.
ხმელეთი. საქართველოს დამარცხება შეუძლებელია, თუ არ მოხდება თბილისის დაკავება. სხვა ფრონტებზე წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია თბილისის თავდაცვის გაგრძელება, რაკი კახეთის დაკავება შეუძლებელია თბილისის აღების გარეშე.
თბილისი- კახეთის საბრძოლო მოქმედებების თეატრი თვითკმარია და უზრუნველყოფს თავდაცვის ხანგრძლივ და შეუფერხებელ ორგანიზებას. აქვე გასათვალისწინებელია რომ ამ სცენარის შემთხვევაში აზერბაიჯანი რჩება უწყვეტ მომარაგების წყაროდ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეუძლებელი გახდა საჰაერო კომუნიკაციის გამოყენება. ამიტომ მოწინააღმდეგისათვის აზრს კარგავს მთელი საქართველოს ოკუპაცია, თუ არ მოხდა თბილისის აღება.
მოწინააღმდეგის მოქმედების სავარაუდო გეგმა – განახორციელოს საავიაციო დარტყმები თბილისზე საქართველოს თავდაცვის პოტენციალის შემცირებისა და ჯარების მართვის მოშლის მიზნით, შემდგომში სახმელეთო ქვედანაყოფებით შეტევის განხორციელება თბილისის დაცვის გასარღვევად და ქალაქის დაცვის ერთიანობის მოსაშლელად;
წარმატების განვითარება: ცალკეული წინააღმდეგობის კერების ლიკვიდაცია და უკანდახეული ქართული საჯარისო ნაწილების საბოლოო განადგურება.
თბილისის თავდაცვის ოპერატიული გეგმების შედგენა და თავდაცვის ორგანიზება სამხედროების საქმეა და უჩვენოდაც მშვენივრად მოახერხებენ, ამ წერილის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობაა. რადგან ხშირად ისმის შეკითხვა რატომ ითხრება სანგრები თბილისის ირგვლივ, შესაძლებელია თუ არა თბილისის შენარჩუნება, რა საშიშროება ელის მოსახლეობას, საჭირო იქნება თუ არა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია და ა.შ.
სამწუხაროდ აგვისტოს მოვლენების დროს, გორის დაკავების შემდეგ მილიონახევრიანი ქალაქის მოსახლეობა თავისი მშობლიური კერის თავდაცვის ორგანიზებით კი არ დაკავდა, არამედ მკითხაობით – შემოვლენ თუ არა რუსები. არ შემოვიდნენ. თუ არ მოვემზადებით აუცილებლად შემოვლენ. ყოველ შემთხვევაში შეეცდებიან.
ჩვენი ამოცანა კი მარტივია, თბილისი მზად უნდა იყოს ხანგრძლივი თავდაცვისათვის. თუ ეს მსჯელობა მართებულია, მაშინ ერთ კითხვაზე უკვე გვაქვს პასუხი, საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციულ დაყოფისას ( და ეს ადრე თუ გვიან გასაკეთებელია) თბილისი, ქვემო ქართლი და კახეთი ერთ სამხედრო ოლქად უნდა ჩამოყალიბდეს.
„აღმოსავლეთის“ სამხედრო ოლქი, ომის ნებისმიერ ხასიათის პირობებში, საბრძოლო მოქმედების ცალკე თეატრს წარმოადგენს ( უნდა წარმოადგენდეს) და ოპერატიულ და სამობილიზაციო გეგმებში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯარების განთავსებისა და გაშლის ისეთი პრინცეპები რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ქალაქის თავდაცვა, მოწინააღმდეგის გამოფიტვა და კონტრშეტევა.
საჰაერო თავდაცვის ორგანიზება ქალაქის პირობებში ძალიან ადვილია ( უფრო ზუსტად, შედარებით ადვილია), მოწინააღმდეგის სამიზნეები წინასწარ ცნობილია, მოულოდნელობის ეფექტი ნულია, რადგან კავკასიონის ქედის გადმოლახვა და შეტევის ხაზზე დადგომა გარკვეულ მანევრს მოითხოვს.
რაც შეეხება სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეს, გიუმრში, რუსეთის 112-ე ბაზის შემადგენლობაში მხოლოდ გამანადგურებელი მიგ-29-ია, რომლის გამოყენება სახმელოთო სამიზნეების წინააღმდეგ ნაკლებადეფექტურია და მათ მხოლოდ საჰაერო სივრცის კონტროლი დაევალებათ.
თბილისზე მასიური შეტევის ალბათობაც ნაკლებია, თუ 2008 წლის აგვისტოს გამოცდილებით ვიმსჯელებთ, საჰაერო თავდასხმებს წყვილი საფრენი აპარატები განახორციელებენ მარტივი სქემით მანევრი, შეტევის პოზიციაზე გასასვლელად, გასროლა, მანევრი და უკან ბაზისკენ.
თუ თბილისის საჰაერო თავდაცვისთვის შევიძენთ და ავითვისებთ მობილურ ჰაერსაწინააღმდეგო კომლექსებს (თუნდაც „ბუკებს“), საშუალება გვექნება თბილისის თავზე გაუვალი „ჰაერსაწინააღმდეგო ქოლგა“ შევქმნათ. ამასთანავე პოზიციების მუდმივი ცვლა, შენიღბვის კარგი გარემო და სარტილერიო ცეცხლისგან მიუღწევლობა მოწინააღმდეგეს არ მისცემს საშუალებას გაანადგუროს ან შეაფერხოს თბილისის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.
სახმელეთო ოპერაცია თბილისის ასაღებად, თუ თავდაცვა კარგად იქნება ორგანიზებული, ძალიან ძვირადღირებული ავანტიურა იქნება, წარმატების დაბალი ალბათობით. მოწინააღმდეგის მანევრი შეზღუდული იქნება და შეტევა კალაპოტირებული, რუსული სარდლობა იძულებული იქნება დაგეგმოს სწორხაზოვანი ოპერაციები ჩვენ წინასწარმომზადებულ თავდაცვის ზღუდეების გასარღვევად.
ბრძოლის ასეთ ხასიათის დროს შემტევი მხარე დიდ დანაკლის განიცდის, ხოლო დაცვაში მყოფს აქვს საშუალება ეშელონირებული თავდაცვით დაზოგოს თავისი ძალები; არ იბრძოლოს „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“, უკან დაიხიოს, გამოფიტოს მოწინააღმდეგე, შემდეგ მოულოდნელი დარტყმებით კვლა აღადგინოს უწყვეტი ფრონტი;
რეზერვის გონივრული გამოყენებით, ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში შექმნას რიცხოვნული უპირატესობა; შემოიტყუოს მოწინააღმდეგე და მოუწყოს ჩასაფრებები; მოკლედ ქართული შენაერთების ამოცანა იქნება მაქსიმალური ზარალი მიაყენოს მოწინააღმდეგეს, რომლის მთავარი ამოცანა ტერიტორიების აღება და გაწმენდა იქნება.
ასეთ პირობებში მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგე შეტევაშია, ქართულ მხარეს ექნება საშუალება შეინარჩუნოს ინიციატივა და მოემზადოს გადამწყვეტი ბრძოლისათვის. სამხედრო თეორიაში დასახლებული პუნქტი ბუნებრივ სიმაგრედ ითვლება, ხოლო რთული რელიეფი თბილისს თითქმის აუღებელს ხდის.
სიტყვა თითქმის იმიტომ ვიხმარე რომ ბრძოლის ბედს ხშირად ხელსაყრელი პირობები ან სხვა სახის უპირატესობა კი არ წყვეტს არამედ შემართება, მორალური და ფსიქოლოგიური მდგრადობა და რა თქმა უნდა უნარი აწარმოო წარმატებული ოპერაციები.
თბილისის ეკონომიკური პოტენციალი და მომარაგების უწყვეტი გზები საშუალებას მოგვცემს მუდმივად შევავსოთ ბრძოლისთვის ( ომისთვის) საჭირო რესურსები. ამასთანავე მოსახლეობის რიცხოვნობა საშუალებას მოგვცემს დანაკარგებიც შევავსოთ და ახალი ქვედანაყოფებიც ჩამოვაყალიბოთ.
თუ გავითვალისწინებთ მე-20 საუკუნის ომების ისტორიას, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქალაქს არც ფინანსური და სხვა სახის დახმარება მოაკლდება და მოხალისებიის ნაკადიც უწყვეტი იქნება.
გარკვეულწილად, თბილისისათვის ბრძოლა იქნება ბრძოლა კავკასიის თავისუფლებისათვის და საშუალებას მოგვცემს შევქმნად კავკასიელი მოხალისეების სამხედრო ქვედანაყოფები. თუ საფრანგეთის გამოცდილებას გავიზიარებთ, ურიგო არ იქნება ფრანგული „უცხოური ლეგიონის“ მსგავსად „კავკასიური ლეგიონის“ ჩამოყალიბებაზეც გვეფიქრა.
დასკვნა: აუცილებელია შემუშავდეს თბილისის თავდაცვის გეგმა და დაიწყოს სამუშაოები ამ გეგმის ეფექტიანობისათვის საჭირო საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შექმნისათვის.
*თბილისის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესი ადგილი სამოქალაქო თავდაცვას უკავია, რომელსაც ცალკე წერილში განვიხილავთ.