
ფარცხალაძის ერთი ძმა სუსის მაღალჩინოსანია, მეორე საზღვრის დაცვის პოლიციის - გამოძიება ყოფილი გენპროკურორის ოჯახის წევრებით ინტერესდება
17:13:39     05-11-2019
პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ საქართველოდან გაქცეული ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გამოძიებას მიუნხენში ემალება, სადაც მან დიდი ბინაც იყიდა და თავის ბიზნეს-პარტნიორებს გერმანიის ამ ქალაქში ხვდება.
პარალელრუად, დავადგინეთ ისიც რომ ოთარ ფარცხალაძის ერთი ძმა, ნოდარ ფარცხალაძე, რომელიც წარსულში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ახლა სუსის ე.წ. „ოდეერების“ სამმართველოს მაღალჩინოსანია.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მეორე ძმას, თორნიკე ფარცხალაძეს, ის შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
პრესა.ჯის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის რომ გამოძიება, რომელიც ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მიტაცების ფაქტზეა დაწყებული, ოთარ ფარცხალაძის ძმის, თორნიკე ფარცხალაძის საქმიანობითაც დაინტერესდეს.
კერძოდ, ბიუჯეტიდან დღგ-ების ყალბი ანგარიშფაქტურების კომბინაციებით, საშუალოდ 580 მილიონი ლარი მოიპარეს.
ეს ყველაზე მასშტაბური და ცინიკური ძარცვაა საქართველოს ისტორიაში, რომელშიც ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე, ყოფილი პრემიერი ბახტაძე, ივანიშვილის დეიდაშვილი მამაცაშვილი და სხვა გავლენიანი პირები ფიგურირებენ.
თავდაპირველად, გამოძიებამ თემის გადაფარვის მიზნით 40-მდე წვრილი ბიზნესმენი დააკავა, თუმცა, როგორც ჩანს, ფარცხალაძის მონაწილეობა ამ მსხვილ კორუფციულ სქემაში იმდენად აშკარაა რომ თვით ქართული ოცნების ხელისუფლებაც ვერ აუვლის გვერდს.
შესაბამისად, ოთარ ფარცხალაძის როლის გარდა, ბიუჯეტიდან მოპარული 580 მილიონის საქმეში თორნიკე ფარცხალაძის თანამონაწილეობის ხარისხიც უნდა გაირკვეს.
კერძოდ: ხომ არ დაეხმარა ის მსხვილ კორუფციონერებსა თუ ცალკეულ კომპანიებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ბიუჯეტის ძარცვაში.
თორნიკე ფარცხალაძე ჯერჯერობით არ დაუკითხავთ, თუმცა, წყარო გვარწმუნებს რომ ის, შესაძლოა, მალე გამოიძახონ...