
ბახტაძემ 54 მილიონი გაიტანა და ქვეყნიდან გაიქცა - დიდი კორუფციული სკანდალის სკანდალური გაგრძელება
14:07:54     30-10-2019
ფარცხალაძის შემდეგ ბახტაძე. პრესა.ჯის მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პრემიერმა ქვეყნიდან 54 მილიონი დოლარი გაიტანა და საქართველო დატოვა.
საქმე ეხება სუსში და ფინანსურ პოლიციაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც დღგ-ბის კორუფციულ სქემებს უკავშირდება.
ამ კორუფციული სქემებით, საქართველოს ბიუჯეტმა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯამში 580 მილიონ ლარამდე იზარალა.
კერძოდ, ივანიშვილის კლანის წევრები: ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ოლიგარქის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ექსპრემიერი ბახტაძე და სხვები, მათთვის სასურველ კომპანიებზე სხვადასხვა მაქინაციებით აჩენდნენ დღგ-ს (დამატებითი ღირებულების გადასახადის) ზედმეტობას. ამის შემდეგ კი, ამ კომპანიებს ბიუჯეტი ვითომდა ზედმეტად გადახდილ დღგ-ს უბრუნებდა.
სწორედ ასე გაიძარცვა ბიუჯეტი, თუმცა, როდესაც განჩდა რისკი რომ ინფორმაციას მედიაში გაეჟონა, კლანმა პატარ-პატარა კომპანიებსაც მისცა ბიუჯეტის ამგვარი სქემით გაძარცვის საშუალება.
შედეგად, გამოძიების დაწყების შემდეგ სწორედ „წვრილფეხობა“ დაიჭირეს, ჯამში 30-მდე ბიზნესმენი, მსხვილი კორუფციული სქემების ავტორები კი ხელშეუხებლები არიან.
რამდენიმე დღის წინ, მთავარმა არხმა ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია რომ ყოფილმა გენპროკურორმა ფარცხალაძემ ქვეყანა დატოვა. ფაქტობრივად, ის გამოძიებას დაემალა.
[I=2]დღეს კი, სახელმწიფო სტრუქტურებიდან პრესა.ჯის აცნობეს რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნიდან 54 მილიონი დოლარი გაიტანა ყოფილმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემაც, რომელიც ასევე გაერიდა პროცესებს.
დღგ-ბის კორუფციულ სკანდალზე გამოძიება ახლაც გრძელდება. სუსში ამ საქმეს სუსის უფროსის მოადგილე, ივანიშვილთან დანათესავებული შენგელი ფიცხელაური უძღვება, ფინანსურ პოლიციაში აღძღულ სისხლის სასმართლის საქმეს კი პროკურატურა კურირებს.
არსებობს ვარაუდი რომ შესაძლოა, ივანიშვილმა ოთარ ფარცხალაძე და ყოფილი პრემიერი ბახტაძე ბოლომდე გაწიროს და მათ ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდება წაუყენონ.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, დაუსჯელი დარჩება მთავარი კორუფციონერი - ოლიგარქის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, რომლის უშუალო ორგანიზებითაც გაიძარცვა ბიუჯეტი - 580 მილიონ ლარამდე.
პრესა.ჯი რამდენიმე საათის განმავლობაშიო ცდილობდა დაკავშირებოდა ყოფილ პრემიერ ბახტაძეს. ვესაუბრეთ მისი გარემოცვის წევრებს, თუმცა, ჩვენთვის ის მიუწვდომელი აღმოჩნდა.
ბახტაძის გარემოცვა აცხადებს რომ ექსპერმიერი ქვეყანაში არ იმყოფება და თანამდებობის დატოვების შემდეგ საქართველოში იშვიათად არის.
მაგალითად: პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე ამბობს რომ მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებშია და „რაღაც პროექტზე მუშაობს“.
ჭოლაძეს, რომელიც ბახტაძის პრემიერობის დროს იყო მთავრობის აპარატის უფროსი, ჩვენ დღგ-ბის კორუფციულ სქემაზეც დავუსვით კითხვა...
მას ასევე ვკითხეთ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესახებაც, რომლის მიხედვითაც ბახტაძემ ქვეყნიდან 54 მილიონი დოლარი გაიტანა.
პრესა.ჯი: ბატონო გიორგი, ხომ არ იცით სად იმყოფება ამჟამად მამუკა ბახტაძე?
გიორგი ჭოლაძე: კი ვიცი, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- როგორ შეგვიძლია დავუკავშირდეთ?
- თუ მეტყვით რა გაინტერესებთ, ვეცდები დავუკავშირდე და გადავცე.
- დიდი ხანია წასულია ამერიკის შეერთებულ შტატებში?
- კი, კი, დიდი ხანია, იქ რაღაც პროექტზე მუშაობს...
[I=3]- ბატონო გიორგი, ჩვენი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ 54 მილიონი გაიტანა ქვეყნიდან და გაიქცა. ამათან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ თქვენ ინფორმაცია?
- გამეცინება ცოტა ახლა.
- თქვენ სად მუშაობთ ამჟამად?
- მთავრობის ადმინისტრაციიდან წამოსვლის შემდეგ კერძო სექტორში ვარ დასაქმებული.
- ხომ არ იცით, მამუკა ბახტაძე როდის აპირებს საქართველოში დაბრუნებას?
- ნამდვილად არ ვიცი.
P.S: დღგ-ბის კორუფციულ სქემაზე მთავრობის აპარატის ყოფილ უფროსს ეცინება, მაგრამ როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძეს ნამდვილად არ აქვს სასაცილოდ საქმე. ის შესაძლოა, უბრალოდ, გაწირონ.
მიუხედავად იმისა რომ პრემიერობიდან პროტესტის გარეშე გადადგომის შემდეგ, მან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო.