ინდოეთში გამოცდაზე სტუდენტებს თავზე მუყაოს ყუთები დააფარეს, რათა არ გადაეწერათ

  16:48:18     25-10-2019

ინდოეთის შტატ კარტანაკას კოლეჯში პირველკურსელებს გამოცდის ჩაბარება თავზე მუყაოს ყუთებით მოუწიათ, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მუყაოს ყუთის წინა მხარე ამოჭრილი იყო, სტუდენტებს საგამოცდო ფურცელი რომ დაენახათ.

გამოცემის ინფორმაციით, ფოტოები გამოცდიდან სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რის შემდეგაც კოლეჯი კრიტიკის სამიზნე გახდა. ქვეყნის განათლების სამმართველოში მომხდარს „არაადამიანური იდეა“ უწოდეს და სასწავლებლის ხელმძღვანელობა ოფიციალურად გააფრთხილეს. 

მომხდარ ფაქტს შტატის განათლების მინისტრიც გამოეხმაურა და სკოლის პრაქტიკას მიუღებელი უწოდა.

„არავის აქვს უფლება მოექცეს სხვას, როგორც ცხოველს, განსაკუთრებით სტუდენტებს“, - დაწერა ტვიტერზე მინისტრმა.

კოლეჯის ადმინისტრაციამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და ინციდენტი „ექსპერიმენტად“ შეაფასა. დაწესებულებაში განმარტეს, რომ ყუთები გადაწერის აღკვეთის მიზნით გამოიყენეს და სტუდენტების დამცირებას არ აპირებდნენ.

ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ყუთების გამოყენება სტუდენტებთან წინასწარ განიხილეს და მათგან თანხმობა მიიღეს.