პროგრეს ბანკის საქმეზე გამოძიება იწყება - ვის გამოიძახებენ პროკურატურაში?

  17:16:07     24-10-2019

ექსკლუზივი: პრესა.ჯის პროკურატურიდან მიაწოდეს ინფორმაცია რომ პროგრეს ბანკის საქმეზე გამოძიება იწყება. 

საუბარია მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, რომლითაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი რომ იმ ბანკის მეშვეობით, რომელსაც კახი კალაძე, ბიძინა ივანიშვილი და თაღლითობაში მხილებული გავრილოვი ფლობდნენ, ფული თეთრდებოდა. 

მთავარმა არხმა დღეს კიდევ ერთი დოკუმენტი - მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიის ფინანსური დასკვნა გაასაჯაროვა, თუმცა, ეროვნულ ბანკში რატომღაც ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს პროგრეს ბანკის ისტორიის არქივს...

დღესვე, თბილისის მერმა კალაძემ არ გამორიცხა პროკურატურაში მისვლა და გამოძიებისათვის ჩვენების მიცემა „თუკი ასეთი საჭიროება იქნება“.

ასეთი საჭიროება კი, უკვე არის: პროკურატურაში გამოძიება იწყება - ფორმალურად, იძულებით, თვალის ასახვევად, მაგრამ მაინც...

ცხადია, არავის აქვს იმის ილუზია რომ ამ რეჟიმის პირობებში, ფულის გათეთრებაში ვინმე ივანიშვილს დაადანაშაულებს.

თუმცა, გამორიცხული არ არის რომ ოლიგარქმა ეს საქმე მათ შორის კახი კალაძის წინააღმდეგაც კი გამოიყენოს. 

მეტიც, პროკურატურაში გამოძიების დაწყება, როგორც ჩანს, ერთადერთი სწორი გამოსავალია იმისათვის რომ ივანიშვილმა როგორმე რეპუტაციული ნარჩენები შეინარჩუნოს და საერთაშიროსი საზოგადოება დაარწმუნოს რომ ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს. ასევე იმისათვის რომ მის ქართუ ბანკს პრობლემები არ შეექმნას. 

გამოძიებას იწყებენ არა სიმართლის გარკვევისა და ივანიშვილის დასჯის, არამედ, ივანიშვილის გადარჩენის მიზნით.

პროგრეს ბანკის საქმეზე გამოძიების დაწყებას ემხრობა ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც, რომელიც დღეს ოლიგარქის მრჩევლის სტატუსს ითავსებს არაოფიციალურად - იურიდიულ საკითხებში. 

როგორც ჩანს, სწორედ შოთაძის რჩევა გაითვალისწინა ივანიშვილმა და ყოფილ ადვოკატსა და მთავარ პროკურორ თადუმაძეს პროგრეს ბანკის საქმეზე გამოძიების დაწყება დაავალა იმ გათვლით რომ ოლიგარქის სახელი არ ამოტივტივდება. თუმცა, ჯერჯერობით, პროკურატურაში აცხადებენ რომ ამ ეტაპზე გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

შეგახსენებთ რომ სწორედ პრესა.ჯი იყო პირველი, ვინც საზოგადოებას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება აცნობა. მაშინ ეს ინფორმაცია არც თიბისიმ დაადასტურა და არც პროკურატურამ, თუმცა, მოგვიანებით, გამოძიებას ფაქტის აღიარება და განცხადების გავრცელება მაინც მოუწია. 

P.S: პროგრეს ბანკი კალაძის საკუთრება იყო, რომელსაც მისი ოჯახი მართავდა. მოგვიანებით, მან, 22 პროცენტი ივანიშვილს მიყიდა, სოლიდური წილი შეხვდა ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილ გავრილოვსაც. 

2016 წელს კი, ივანიშვილის კომბინაციისა და ზეწოლის გამო, პროგრეს ბანკი თიბისიმ იყიდა - იძულებით და დადებული გარიგების ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით.