მამუკა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ დედანი გენერალურ პროკურატურაში ჩააბარა
14:38:11     21-10-2019
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში იმ „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც მისი ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას ასევე წარუდგინა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები.
„მინდა, საზოგადოებას მოვახსენო, რომ როგორც დავპირდი, როდესაც პარლამენტში განცხადება გავაკეთე ჩემზე და ბადრი ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის შესახებ, ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო მუქარის წერილი, რომელიც მივიღეთ იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. ამ წერილის ექსპერტიზა ლონდონში დამთავრდა დღეს. როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის, რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ყველა ადამიანმა დღეს საქართველოში უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი, რათა ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილებისგან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.