
"ეს ჩემი შვილი დავით მეტრეველია, რომელიც მამა-შვილმა დეკანოიძეებმა ავტომატით მომიკლეს... ირაკლი დეკანოიძემ ახლა ხაშურში ცოლი მოკლა და მკვლელი მამა მკვლელი შვილის გამართლებას ცდილობს"
10:24:08     21-10-2019
სოციალურ ქსელში ქალბატონი წერილს და ფოტოს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ირაკლი დეკანოიძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხაშურში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე წლის წინ, მისი შვილი, ირაკლი მეტრეველი მოკლა, თუმცა, სასჯელი არ მოუხდია. მკვლელობაში მონაწილეობდა დეკანოიძის მამაც, თუმცა, მან საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.
"ეს ჩემი შვილი დავით მეტრეველია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მერაბ და ირაკლი დეკანოიძეებმა ახალციხის სოფელ აგარაში, ავტომატით მომიკლეს . ეს ლამაზი ღიმილი სამუდამოდ წაართვეს და გაუყინეს. ოჯახი სამუდამო ტანჯვაში ჩაგვაგდეს და 2 წლის ბავშვი ობლად დაუტოვეს. ირაკლი დეკანოიძე გადამალეს , ხოლო მერაბ დეკანოიძეს 14 წელი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ვადაზე ადრე გამოვიდა ციხიდან. რატომ ? ირაკლი დეკანოიძემ ახლა ხაშურში ჩაიდინა მკვლელობა და მკვლელი მამა მკვლელი შვილის გამართლებას ცდილობს. მე შვილმოკლული დედა დეკანოიძის ადვოკატებს თხოვნით მივმართავ , ვიდრე ასეთ მკვლელების დაცვას გადაწყვიტენ, შვილმკვდარი მშობლების თვალით შეხედონ და მკვლელის დაცვის სურვილი გაუქრებათ სამუდამოდ. მე ვითხოვ ირაკლი დეკანოიძე უმკაცრესად დაისაჯოს," - წერს მარიამ გვარამაძე.
ხაშურში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნათია გოგალაძის და, ირმა გოგალაძე მედიასთან ამბობს, რომ მისმა ყოფილმა სიძემ მისი დის მვლელობამდე თანასოფლელი მოკლა, მაგრამ სასჯელს თავი რუსეთში გადამალვით აარიდა. "მის ნაცვლად, სასჯელი მამამისმა მოიხადა. მაშინ ირაკლი 17 წლის ყოფილა. დეკანოიძეების ოჯახმა მკვლელობის ღამესვე დატოვეს სოფელი და ცხოვრება ხაშურში, ქირით დაიწყეს," - აცხადებს ირმა გოგალაძე.