ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

  09:16:53     14-10-2019

გორის რაიონულმა სასამართლომ, ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.

წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს გაიმართება.

11 ოქტომბერს, ხაშურში ირაკლი დეკანოიძემ ყოფილ ცოლს თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. მამაკაცმა თავდაპირველად ხელყუმბარა ისროლა იმ მაღაზიაში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე მუშაობდა, მას შემდეგ კი, რაც ყელყუმბარა არ აფეთქდა, ყოფილ მეუღლეებს შორის დაპირისპირება შენობის გარეთ გაგრძელდა, რა დროსაც, მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაშავებული ქალი ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ცოტა ხნის შემდეგ, გარდაიცვალა.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.