"ცოლს სცემდა, იარაღს მიადებდა და მოკვლით ემუქრებოდა, შვილებსაც... განსაკუთრებით გოგოს ექცეოდა ცუდად - შენც დედაშენისნაირი გაიზრდებიო" - ხაშურში მოკლული ქალის და ახალ დეტალებს ყვება

  13:07:52     12-10-2019

ხაშურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

მოკლული ქალის, ნათია გოგალაძის და, ირმა გოგალაძე ყვება, რომ მისი დის მკვლელობის მცდელობა გარდაცვლილის მეუღლეს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა.

"მამას შვილებთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ბავშვებს აღარ უნდოდათ მაგის დანახვა. რაც დედამისი ჩამოვიდა ევროპიდან და ბავშვები წამოვიყვანეთ, აღარ უნდოდათ მაგასთან მიბრუნება, მაგან გააღიზიანა ალბათ, განსაკუთრებით მარიამს ექცეოდა ცუდად, შენც დედაშენის ნაირი გაიზრდებიო და მიშომ რამდენიმეჯერ შეუსწრო, რომ ცემდა დედამისს მამამისი. თავისთავად ბავშვებმა დედისკენ გამოიწიეს მერე მივხვდით უკვე, რომ ბავშვებსაც აძულებდა დედას. უნდოდა, რომ თვითონ წაეყვანა.

არც ძალადობაზე იხევდა უკან. ზოგადად ეჭვიანი იყო, ღამე ავუყენებივარო და მტკვარზე ჩავუყვანივარო ერთხელ და იარაღი ჰქონდა წამოღებულიო და ასე მითხრაო შენ თუ ჭკვიანად არ იქნები და შენ თუ ასე არ მოიქცევი ეს წყალი აატივტივებს შენ გვამსო. ერთხელ ნასვამი იყო ირაკლი და შელაპარაკებულან და ტოლჩა ჩაარტყა თავში და ნაკერებიც ჰქონდა, მაშინ პოლიციამ წაიყვანა ირაკლი და ხელწერილიც ჰქონდა მგონი და მას შემდეგ დაინგრა უკვე მაგათი ოჯახი. მანქანა მოითხოვა მანქანა მიყიდეო ნათიას უხრა და უარი მიიღო მანქანის ყიდვაზე, მერე ბავშვებთან  კონტაქტი შეუწყვიტა,"-ამბობს გარდაცვლილის და.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე გვიან საღამოს დააკავა. ამის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.