ილია ჯიშკარიანი თამთა თოდაძეზე: ველოდი რომ მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა

  21:01:29     11-10-2019

ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი ამბობს, რომ ის სავარაუდო მსხვერპლისგან თამთა თოდაძისგან ბოდიშის მოხდას ელოდა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

ქართული ოცნების დეპუტატი თბილისის საკრებულოში ამბობს, რომ თავის თანამშრომელზე არ უძალადია და კონფლიქტის ინცენირება მოხდა.

"ყველაფერი დალეწა მან და თავის დალეწილში აიხლართა... საიდან მიიღო დაზიანება, იქნება, ისეთი ნასვამი იყო, ქუჩაში წაიქცა?.. მე რა ვიცი, გაეხახუნა იქნებ კედელს", - ამბობს ბრალდებული.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გამოიძახა პოლიცია, თუ თოდაძემ ტექნიკა დალეწა, ჯიშიკარიანი ასე პასუხობს:

"მე რომ პატრული გამომეძახებინა, მე რა დეპუტატი ვიქნები? კარგი, ერთი პრინტერი გადმოაგდო და მე შეურაცხყოფა მომაყენა. მე ხო არ ვიცოდი, აქეთ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა. მე ველოდებოდი მეორე დღეს ბოდიშით მოვიდოდა მაგი და გადავწყვიტავდით პრინტერის და მონიტორის ამბავს იმიტომ, რომ საკრებულოს ქონებაა".

დეპუტატმა TV პირველის ეთერში თოდაძის ოჯახზე ისაუბრა და სცადა იმის ახსნა რამდენად ღირსეული ოჯახი აქვს მას, ვიდრე სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს.