„მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებმა გამოავლინა, რომ ისინი საკმაოდ დაბალი ერუდიციის მქონე ადამიანები არიან“

  12:19:25     11-10-2019

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებმა გამოავლინა, რომ ისინი საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციის, დაბალი ერუდიციის და სამართლებრივ საკითხებში დაბალი ცოდნის მქონე ადამიანები არიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს გამოეხმაურა.

„გარდა იმისა, რომ აქამდე მოსამართლეებს ხელისუფლების მორჩილ ადამიანებად ვიცნობდით და აღნიშნული მიმართულებით იყო ძირითადი კრიტიკა, მოსმენებმა გამოავლინა მეორე, არანაკლებ მძიმე რამ. თურმე ისინი საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციის, დაბალი ერუდიციის და სამართლებრივ საკითხებში დაბალი ცოდნის მქონე ადამიანები არიან. ძალიან სამწუხარო და სავალალო სურათი იყო ცხრა კანდიდატის მოსმენის განმავლობაში. კარგი შთაბეჭდილება, როგორც სპეციალისტმა, ერთი-ორმა ადამიანმა დატოვა, თუმცა აღნიშნული არაფრით ამართლებს ზოგად ნაკლს, რომელიც არის ხელისუფლების მორჩილება და არადამოუკიდებლობა. როგორც ვატყობ, დანარჩენი 11 მოსამართლე არანაკლებ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. კარგია, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოვავლინოთ მათი ყველა მხარე”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს უკვე მოუსმინეს, დღეს კი დეპუტატების კითხვებზე პასუხებს ვლადიმერ კაკაბაძე გასცემს. კაკაბაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.