"დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 4 პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი"

  10:52:20     07-10-2019

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 4 პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი.

კობაიძის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ინტერესებს თავად იცავს. ადვოკატის განმარტებით, გეთაშვილს, რომელიც მოკლულის მეგობარია, გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

"მე მიჭირავს დაკავების ოქმი, რომელშიც წერია, რომ ის დაუკავებიათ 2019 წლის 6 ოქტომბერს, 23:09 საათზე ანუ გამოდის, რომ მთელი 24 საათზე მეტი ის დაკავებული არ ყოფილა და მოხალისე ყოფილა, ამ შენობაში ღამე რომ გაათია. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია და ჩვენ ამაზე პროცესუალურად ვიდავებთ. რეალურად დააკავეს 5 ოქტომბერს, დაახლოებით 8-9 საათზე. დაკავების ოქმით ჩვენ გვედავებიან, რომ თურმე ცრუ ჩვენება მივეცით. სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გვედავებიან, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ყოველივეს ვერ დაამტკიცებენ. აღნიშნულ საქმეზე უამრავი პროცესუალური დარღვევებია. სამჯერ მაქვს განცხადება დაწერილი, სამჯერ მოვითხოვე მასთან შეხვედრა და საქმის მასალების გადმოცემა და დღემდე არ მაქვს გადმოცემული“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ადვოკატის ინფორმაციით, გეთაშვილს ბრალს სავარაუდოდ, პროკურატურა დღეს წაუყენებს, სასამართლო პროცესი კი სამშაბათს ჩატარდება.

36 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. გარდაცვლილი დავით მუმლაძეა.