
აზერ ტელეკომი კავკასუს ონლაინს, GE დომენსა და ინტერნეტის ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს ყიდულობს - დიდი გარიგება საქართველოს უსაფრთხოების ხარჯზე
12:48:57     02-10-2019
დიდი ბიზნეს გარიგება საქართველოს უსაფრთხოების ხარჯზე. ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კავკასუს ონლაინს, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს ფლობს, აზერბაიჯანული კომპანია ყიდულობს.
გარიგების დეტალები პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია.
მილიონები უსაფრთხოების სანაცვლოდ
კომპანია კავკასუს ონლაინის 63.8 პროცენტს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული International Online Networks-ი ფლობს, ხოლო 36.2 პროცენტი „ნელგადო ლიმითედის“ საკუთრებაა.
ჩვენს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, აზერ ტელეკომი კომპანიის საკონტროლო პაკეტს ყიდულობს, რომლის ყველაზე მსხვილი მეწილე, ხვიჩა მაქაცარიაა.
ხვიჩა მაქაცარია პარალელურად კავკასუს ონლაინის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. საბჭოს წევრები კი: დავით ზურაბიშვილი, თემურ კობახიძე, თეიმურაზ არონია და კობა ღურწკაია არიან.
კავკასუს ონლაინი ინტერნეტ GE დომენებსა და ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს ფლობს. ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი ევროპიდან, კერძოდ ბულგარეთიდან შავი ზღვის ფსკერის გავლით შემოდის საქართველოში (ფოთში).
ეს ის მაგისტრალური ინტერნეტ რესურსია, საიდანაც საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და ირანის ნაწილს ინტერნეტი მიეწოდება, რის გამოც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს განეკუთვნება.
შესაბამისად, მისი გასხვისება კომპანიაზე, რომელზეც რუსეთის ფედერაციას ირიბი გავლენა აქვს, სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, საფრთხის შემცველია.
შეხვედრები რუმსში და ვახშამი „ვერიკოში“
აზერ ტელეკომის წარმომადგენლები უკვე თბილისში არიან. დელეგაცია, რომელიც 7 წევრისგან შედგება, სასტუმრო რუმსში შეხვდა კავკასუს ონლაინის დირექტორსა და დამფუძნებლებს.
აზერ ტელეკომის დელეგაციაში შედის წლების წინ, ივანიშვილის დაანონსებული პროექტის, ოფენ ნეტის ყოფილი მენეჯერი, ანა ნაკაშიძე. აზერ ტელეკომის ინტერესებს იცავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიგა ბედინეიშვილიც.
[I=2] ის რამდენიმე თვის წინ, კავკასუს ონლაინის აზერ ტელეკომზე გაყიდვის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავდა და სისულელეს უწოდებდა. თუმცა, მალე ალბათ, თავისი სიტყვების უკან წაღება მოუწევს.
აზერბაიჯანული კომპანია მზად იყო კავკასუს ონლაინსა და ყველა მის რესურსში 50 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა, ხვიჩა მაქაცარიამ თანხა 70 მილიონ დოლარამდე გაზარდა, რაზეც სავარაუდოდ, აზერბაიჯანული მხარე დათანხმდა, რადგან მისთვის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, საიდანაც მტრულად განწყობილ სომხეთს ინტერნეტი მიეწოდება, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
მეტიც, აზერ ტელეკომის მენეჯმენტმა, რომლის წევრთა ნაწილი ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევს და პერიოდულად აფხაზეთში ისვენებს, იცის რომ კავკასუს ონლაინი, როგორც ბიზნესი, ამდენი არ ღირს, თუმცა, მზად არის მასში პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.
რას გადაწყვეტს მარეგულირებელი?
დაახლოებით ერთი თვის წინ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის განახლებული ვერსიები მოითხოვა.
[I=3] ვადა 10 დღე იყო, თუმცა, კავკასუს ონლაინმა მარეგულირებელს ბენეფიციარების თაობაზე ინფორმაცია ბოლო დღეს მიაწოდა. მარეგულირებლისადმი გაგზავნილ დოკუმენტებში კი უკვე ოფიციალურად გაიჟღერა აზერ ტელეკომის სახელმა.
ექსკლუზიური ინფორმაცია ხვიჩა მაქაცარიასა და აზერ ტელეკომის გარიგებასთან დაკავშირებით, ჩვენ სწორედ მარეგულირებელი კომისიის ერთერთი თანამშრომლისგან შევიტყვეთ.
კომისიაში გვითხრეს რომ სხდომა 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული და თანხმობის შემთხვევაში, ბიზნეს-გარიგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შესაძლო რისკის ხარჯზე, სავარაუდოდ, ამავე დღეს გამოცხადდება.
მანამდე კი, აზერბაიჯანული კომპანიის დელეგაციას ბატონი მაქაცარია, რესტორან „ვერიკოში“ უმასპინძლებს, აზერ ტელეკომის თვალისა და ყურის კავკასუს ონლაინში, რეზო კოპალაძის მონაწილეობით.