ივანიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის იდეას საბოლოოდ კლავს: ფოთში ახალი ტერმინალის მშენებლობას მამაცაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები იწყებენ - კმაყოფილია კრემლიც

  14:25:57     30-09-2019

ფოთში ხვალიდან ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობა იწყება. ეს არის ერთგვარი ალტერნატიული ვარიანტი იმისათვის რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება გაამართლოს, რომლის განხორციელებასაც კრემლთან და ოლიგარქთან ერთად, მოსკოვის კადრი საქართველოს მთავრობაში, გიორგი გახარიაც ეწინააღმდეგება. 

პროექტის მიხედვით, ტერმინალი გემთმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება და მას, ხელისუფლების განმარტებით, მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც აქვს.

პროექტი ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ჯამში 3 ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც ცხადია, იმ მასშტაბებს ვერ გაწვდება, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაწვდებოდა მისი აშენების შემთხვევაში. 

პროექტის მიხედვით, ახალ ნავმისადგომებში კომპანიის მიერ 2014 წელს გახსნილი მშრალი ტვირთების ტერმინალიც უნდა ინტეგრირდეს.

პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი ნავმისადგომის აშენება და ფსკერის დაღრმავება განიხილება. 

ხოლო შემდეგ ეტაპზე, კიდევ ორი ნავმისადგომი დაემატება ტანკერებისა და მცირეტონაჟიანი მშრალტვირთმზიდი გემების მისაღებად.

ივანიშვილის ხელისუფლებამ სწორედ ეს, ერთგვარი შუალედური ვარიანტი გამოძებნა იმისათვის რომ ოკუპანტი ქვეყანა არ გააღიზიანოს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 

კრემლი მიიჩნევს რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის იდეაც კი, საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოების გარანტიებს მნიშვნელოვანწილად ზრდის, რაც თავის მხრივ, რუსეთისგან კიდევ უფრო დისტანცირებას ნიშნავს.

ამიტომ, ქართული ოცნება, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით იხრება ჩრდილოეთისკენ, ფოთში ახალი ტერმინალის მშენებლობას სრულად უჭერს მხარს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის იდეის ლიკვიდაციის ხარჯზე.

ტერმინალს პეის ჯორჯია აშენებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიას 5 მფლობელი ჰყავს: 

ირაკლი თათეიშვილი - 10 პროცენტი.

თამაზ კაპანაძე - 4 პროცენტი.

ირაკლი კერვალიშვილი - 38 პროცენტი.

თეიმურაზ კერვალიშვილი - 10 პროცენტი.

ლაურა ლარიონი - 38 პროცენტი.

კომპანია პეის ჯორჯიას დამფუძნებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ოლიგარქ ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილსა და მინიგარქ ვანო ჩხარტიშვილს, რომლებიც ფოთში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც აკონტროლებენ ჩინელ ინვესტორებთან ერთად.

ხელშეკრულების დეტალები

ხელისუფლებაში ამბობენ, ფოთში ახალი ტერმინალის მშენებლობას აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) აფინანსებს. 

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია ვაშინგტონში, 2019 წლის მაისში გაიმართა.

ჩვენთვის ამ ხელშეკრულების დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ:  ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, $50 მილიონით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: დეივიდ ბოჰიგიანი OPIC-ის პრეზიდენტი/აღმასრულებელი დირექტორი; კენეტ ენჯელი OPIC-ის მმართველი დირექტორი; აშშ-ში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, PACE INTERNATIONAL-ის პრეზიდენტი სოსო დოლიძე, PACE GEORGIA-ს გენერალური დირექტორი ირაკლი თათეიშვილი და Wings & Freeman-ის წარმომადგენელი კარლო გოგინავა.

პროექტის მთლიანი ღირებულება $120 მილიონს შეადგენს, ინვესტიციის პირველი ფაზის მოცულობა 93 მილიონი დოლარია, საიდანაც $50 მილიონი OPIC-მა გამოყო.

დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, ნავსადგურის აკვატორია 12 მეტრამდე გაღრმავდება, რის შედეგადაც პორტი 253 მეტრამდე სიგრძისა და 50,000 ტონამდე ტვირთწარმოების გემების მიღებას შეძლებს. 

ხელისუფლებაში იმედოვნებენ რომ ტერმინალის პროექტის დასრულების შემდეგ, ფოთის ახალ ნავსადგურში მოწყობილი, ღრმაწყლოვანი პორტისა და ტერმინალის კომპლექსი „პეის ჯგუფის“ საპორტო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გააძლიერებს. 

კერძოდ: "პეის ჯგუფის“ ტვირთგამტარიანობა 2.5 მილიონი ტონით გაიზრდება და კომპანიის არსებული წლიური ტვირთბრუნვის მოცულობას თითქმის გააორმაგებს.