არასრულწლოვანი გოგონების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

  23:57:23     19-09-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

რაც შეეხება დაკავებულ კიდევ ოთხ ადამიანს, მათგან სამს-ამერიკის მოქალაქეს პატიმრობა შეფარდებული აქვს. კიდევ ერთის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ბავშვთა პორნოგრაფიის ქსელი დღეს გამოავლინეს. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს, ავსტრალიისა და აშშ-ის მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.

ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგო. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. 

დანაშაული 17-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.