"ვაშინგტონის ნებისმიერი ქმედება თეირანის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ პასუხგაცემული იქნება"
10:44:26     19-09-2019
ოფიციალური თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ნებისმიერი ქმედება თეირანის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ პასუხგაცემული იქნება. თეირანმა ვაშინგტონს შვეიცარიის ელჩების დახმარებით გადასცა საპროტესტო ნოტა, რომელშიც საუდის არაბეთზე თავდასხმის ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვნად გაფართოების შესახებ განკარგულება გასცა.
"ხაზინის მდივანს დავავალე მნიშვნელოვნად გაზარდოს ირანის წინააღმდეგ სანქციები," - დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
გასულ კვირას, საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, თუმცა აშშ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმა არა მათ მიერ კონტროლირებადი, საუდის არაბეთიდან სამხრეთ-დასავლეთი მდებარე ტერიტორიიდან, არამედ ჩრდილო-დასავლეთით, ერაყის ან ირანის ტერიტორიიდან მოხდა.