დანიელ ჭონქაძის გარდაცვალების 151 წლისთავი

  19:20:50     16-07-2011

1860 წელს ტფილისში გარდაიცვალა ქართველი მწერალი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი დანიელ ჭონქაძე.

რუსული იმპერია აპირებს სამაგიერო გადაუხადოს ჩვენს ქვეყანას ქართული პარლამენტის მიერ რუსეთის იმპერიის მხრიდან განხორციელებული ჩერქეზების გენოციდის აღიარების გამო. ამ მიზნით რუსეთი აპირებს 1918-1921 წლებში არსებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც მან სისხლში ჩაახრჩო, დააბრალოს 5 000 ოსის მკვლელობა, ანუ “ოსების გენოციდი”. დანიელ ჭონქაძის ოჯახის მაგალითი ამტკიცებს, რომ რუსეთი ახლაც ტყუის, ჩვენ კი არ ვანადგურებდით ოსებს, პირიქით კულტურის შექმნაში ვუწყობდით ხელს. 

დანიელ ჭონქაძის მამა, მღვდელი მამა  გიორგი მისიონერად მოღვაწეობდა ოსებს შორის. მისი მკვლელობის ისტორიას თავი ავარიდოთ...

გავიდა დრო. მამა გიორგის ვაჟს, დანიელ ჭონქაძეს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ოსების წინაშე. ის შეისწავლიდა ოსი ხალხის ცხოვრებას, ოსურ ენას. ჰქონდა სპეციალური გამოკვლევები ოსების შესახებ.

დანიელ ჭონქაძემ შეადგინა რუსულ-ოსური ლექსიკონი. ამ ლექსიკონის ნაწილი შემორჩენილია. მან ოსურ ენაზე თარგმნა ბასილი დიდის წირვა, ქართული ანდაზები, თქმულებები და ზღაპრები. დანიელ ჭონქაძემ შეაგროვა ქართული და ოსური სიტყვიერების ნიმუშები. მათი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა 1868 წელს, მწერლისა და მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ.

სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა დანიელ ჭონქაზე, მაგრამ ოსი ხალხისათვის გააკეთა ძალიან ბევრი, ამას დაფასება უნდა.

ასევე ბევრი გააკეთა ქართველი ხალხისათვის. მართალია მისი ერთადერი გამოქვეყნებული ნაწარმოები იყო ცნობილი „სურამის ციხე“, რომელიც დაიბეჭდა 1859-1860 წლებში, თუმცა ამ ნაწარმოებს საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს:

„მოთხრობაში გამოყენებულია სურამის ციხის აგების ლეგენდა, რაც განუმეორებელ კოლორიტს სძენს დღევანდელი გაგებით უკვე საკმაოდ ტრივიალურ თემაზე შექმნილ ნაწარმოებს (ყმა გლეხთა დუხჭირი ყოფა, ბატონსა და ყმას შორის არსებული სასტიკი წინააღმდეგობა, ჩაგრული ხალხის ფეხქვეშ გათელილი ადამიანური ღირსება, ცრუმორწმუნეობით აღძრული უბედურება, სავაჭრო ბურჟუაზიის პირველი ნაბიჯები საქართველოში). ლეგენდურისა და ყოფით-რეალურის საიმდროოდ უჩვეულო შერწყმა, ავტორის დახვეწილი ფსიქოლოგიზმი, საინტერესო ხასიათების გამოძერწვის უნარი, სიუჟეტისა და კომპოზიციის მახვილი გრძნობა და ორიგინალური სტილი იყო მიზეზი იმ ხიბლისა, რომელიც იმთავითვე ახლდა და დღემდეც შემორჩა „სურამის ციხეს“. მოთხრობას დაბეჭდვისთანევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას სპეციელური წერილები უძღვნეს ა. ორბელიანმა, ა. ფურცელაზემ, კ. ლირთქიფანიძემ. დავით მესხის მიერ პიესად გადაკეთებული „სურამის ციხე“ იდგმებოდა XIX საუკუნეში თეატრში. ჩვენი საუკუნის (იგულისხმება XX საუკუნე. - გ. მ.) 30-იან წლებში ნაწარმოები ხელახლა გადაკეთდა პიესად და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენას დიდხანს შერჩა. „სურამის ციხე“ არაერთხელ გამოიცა ცალკე წიგნადაც“ (ქართული მწერლობა, I, გვ. 438).

როგორც ვწერდით, დანიელ ჭონქაძე ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, 30 წლისა. ის დაიბადა 1830 წელს დუშეთის მაზრაში. დედას მელანია ერქვა.

სწავლობდა კავკავის სასულიერო სასწავლებელში (1839-1845) და ტფილისის სასულიერო სემინარიაში (1845-1851). სემინარია წარჩინებით დაამთავრა. დანიელ ჭონქაძემ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კარგად იცოდა ოსური ენა და ასწავლიდა ოსურს სტავროპოლის, მერე კი ტფილისის სასულიერო სემინარიაში (1855). ტფილისში მისივე მოთხოვნით გადმოუყვანიათ. პარალელურად მსახურობდა სასულიერო სინოდის კანტორაში მაგიდის უფროსად (1858 წლიდან).

მისი მოწაფე იაკობ გოგებაშვილი იხსენებდა, რომ დანიელ ჭონქაძეს ჰქონდა მამისაგან დატოვებული სახლი და მამული დუშეთის მაზრაში. ზაფხულის გატარება იქ უყვარდა. ძალიან ჰყვარებია ახლგაზრდები.

თვითონ ჭლექით დაავადდა. ცხოვრობდა ცუდ პირობებში. ბევრს მუშაობდა. როგორც ვთქვით, ადგენდა რუსულ-ოსურ ლექსიკონს. ერთ პირად წერილში წერდა: „მე ამ შრომას ხელი მოვკიდე მთელი ჩემი ენერგიით ისე, როგორც შეშვენის ახალგაზრდას, რომელსაც სურს კარიერა შეიქმნას, მაგრამ ეს შრომა სამ ასოზედაც არ მქონდა შედგენილი, რომ დამიწყო სისხლის ღებინება“.

როგორც ამბობენ, „სურამის ციხის“ დასრულების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დაუწყია მოთხრობის - „ვინ არის დამნაშავის“ წერა. ეს ნაწარმოებიც სოციალურ თემაზე ყოფილა, ბატონისა და ყმის ურთიერთობაზე. ამის გარდა, როგორც ვთქვით, მწერალი აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების  ნამუშევრებს. მისი ანდერძიდან ირკვევა, რომ თავისი ვაჟის – გიორგისათვის უანდერძებია „ძველი ხელნაწერები“. სამწუხაროდ, ამ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ, ხელნაწერები დაწვეს, როგორც ჭლექიანის ხელში ნამყოფი.

„სურამის ციხის“ ნაწილი მწერალმა გამოაქვეყნა „ცისკრის“ 1859 წლის 14-ე ნომერში. ზოგიერთებმა, როგორც ეს ალექსანდრე ორბელიანს თავის ხელნაწერ შრომაში აქვს აღნიშნული, თავის თავზე მიიღეს „სურამის ციხეში“ გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. „ცისკრის“ რედაქტორს ივანე კერესელიძეს, რომელიც მწერალთან მეგობრობდა, „სურამის ციხის“ დაბეჭდვისათვის უსიამოვნება შემთხვევია.

„სურამის ციხის“ გამოქვეყნების შემდეგ დანიელ ჭონქაძე მალე გარდაიცვალა ჭლექით. ანდერძის თანახმად იგი დაკრძალეს თბილისში,  ვერის სასაფლაოზე, თავისი მეუღლის გვერდით.