კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების 36 წლისთავი (და რამდენიმე ლექსი)
19:18:48     16-07-2011
36 წლის წინ, 1975 წლის 17 ივლისს თბილისში, კოლხურ კოშკში გარდაიცვალა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია.
ის საქართველოს იდეოლოგი იყო. ამიტომ მტრებიც ბევრი ჰყავდა და ამასთან, ბევრი, ბევრი თაყვანისმცემელი და მოყვარეც. რომ იგრძნო სიკვდილის მოახლოვება, წამოდგომა მოითხოვა თურმე. წამოდგა და ფეხზე მგდარი შეეგება სიკვდილს. მოკვდა როგორც კოლხი მეომარი...
მტრები, ბოლოს, ერიდებოდნენ დიდ მწერალს და ხალხისთვის საყვარელ მოღვაწეს (ახალგაზრდობაში რამდენჯერმე დააპატიმრეს). დიდი კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ მისი შვილის დევნა უფრო ინტენსიური გახდა და დაიჭირეს კიდეც.
კონსტანტინე გამსახურდიას კოლხურ კოშკში კოლხეთის თავისუფლების გეგმა იყო შემუშავებული. ზოგიერთებისთვის, რატომღაც, კოლხეთი მხოლოდ დასავლეთ საქართველოა. სინამდვილეში დიდი კოლხეთი მოიცავდა აღმოსავლეთ საქართველოსაც. ლეგენდარული აიეტის ქვეყანა არ იყო მხოლოდ დასავლურ ქართული, როგორც უყვართ ხოლმე თქმა, ის სრულიად ქართული სახელმწიფო გახლდათ. სწორედ სრულიად საქართველოს გათავისუფლების გეგმის ერთ-ერთი ავტორი იყო კონსტანტინე გამსახურდია.
პრესა.გე-ს მკითხველს ახსოვს, დიდი კონსტანტინეს დაბადების დღეს, 15 მაისს მივუძღვენით პუბლიკაცია. იქვე გავიხსენეთ მისი სიტყვები:
“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”.
ასეთი სულისკვეთების ადამიანი, რა თქმა უნდა სამშობლოს სამსახურში გაატარებდა ცხოვრებას. და მართლაც, მთელი მისი სიცოცხლე იყო საკუთარი გვარის შინაარსისა მტკიცება - მსახურება ქართველი ხალხისა და საყვარელი სამშობლოსი.
გავიხსენოთ მისი შესანიშნავი რომანები: „დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“, „გოეტეს ცხოვრების რომანი“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, „დავით აღმაშენებელი“, „ვაზის ყვავილობა“; გავიხსენოთ მისი დიდებული ნოველები, ნარკვევები, ესეები, მის მიერ თარგმნილი ნაწარმოებები: გოეტეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა) და სხვა.
გავიხსენოთ, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ ყოფილა საქართველოში, რომლის შუაგულშიც კონსტანტინე გამსახურდია არ მდგარიყოს ხმალამოღებული. გავიხსენოთ, როგორ ცდილობდა ალყაშემორტყმული ბერლინიდან გრიგოლ რობაქიძის გამოხსნას, რამაც ააცრემლა კიდეც დიდი გრიგოლ რობაქიძე...
კონსტანტინე გამსახურდია სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, შოთა რუსთველის სახელობის პრემიის ლაურეატი (ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“)...
კონსტანტინე გამსახურდია დაკრძალულია კოლხური კოშკის ეზოში, ანდერძისამებრ. მის ერთ-ერთ იუბილეზე, დიდი ხნის წინ, ვიღაცამ თქვა (სამწუხაროდ არ მახსოვს ვინ): „თუმცა დიდმა კონსტანტინემ დაიბარა კოლხური კოშკის ეზოში დაეკრძალათ, თვალი მაინც მთაწმინდისაკენ იყურებაო“.
ვერა იმავე მთაზეა გაშენებული, მხოლოდ უფრო დასავლეთით, რომელზეც მამა დავითის მონასტერი დგას და რომელზეც მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონია. მთა იგივეა, მხოლოდ კალთაა უფრო ჩრდილო-დასავლეთის. და ეს კალთაც, სადაც კოლხური კოშკია და ის ეზოც, საქართველოს ყველაზე ამაღლებული მთის, მთაწმინდის ნაწილია, ვინაიდან მის მიწას მიბარებულია მთაწმინდის ლეგენდარული მკვიდრების - ზოგის საქმის გამგრძელებელი, ზოგის თანამებრძოლი და მეგობარი, ზოგის მამა ან მასწავლებელი, დიდი კონსტანტინე გამსახურდია.
თუმცა, „თვალი მაინც მთაწმინდისაკენ იხედება“...
დღეს, კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების დღის აღსანიშნავად მკითხველს ვთავაზობთ მის რამდენიმე ლექსს.
* * *
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.
ისლის სახლი
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.
მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
მარია სტელლა
შემოღამდება, გაისვება დისკო მთვარისა,
დისკო მთვარისა მოვერცხლილი და მოქარგული
და გუმბათებზე აენთება ქრისტეს ჯვარისგან,
ქრისტეს ჯვარისგან მოფენილი სხივი ფარული.
როგორც ბინდისას მათხოვარი ბრმადმოარული,
სხივი ბარბაცით კანალებში გადაიჭრება,
გატყდება ბროლი მინანქარით შემობზარული,
აედევნება ბნელ ხეივნებს ლანდების წყება.
შადრევანებზე ეზმორებათ გრანიტის ლომებს,
გულში იღვიძებს სათნოება, ქუჩაში ბნელა,
ჩრდილის მანტია მოეხვევა წმიდა ბართლომეს
და მღერის ვიღაც პორტალებთან: „მარია სტელლა“.
მახვილამოწვდილ ანგელოსის გაჰქრება ლანდი,
როგორც დემონი გაფრენილი ბრინჯაოს რაშით,
ამურეტები აიყვანენ ბამბინოს ცაში,
ოქროს ფირმამენტს ჩაიხუტებს ტიბროსი ზანტი
და მთვარე, სხივთა არტახებში ნაზი ინფანტი,
აღმოსავლიდან გვირგვინოსან მოგვებს მოელის.
კაშკაშებს ჯვარი კაპიტოლზე არაკოელის,
ვით ბრილიანტი...
დაარისხებენ სან-პიეტროს მწუხარე ზარებს,
ნარინჯის ფონზე მოიჭრება ავგუსტის არკა
და ტრიუმფები მოინდებათ ისევ ცეზარებს,
ნაზ სერენადებს კვლავ იმღერებს ღამით პეტრარკა.
დავეძენ ღვთიურ ჰარმონიას, ჰანგად დარხეულს,
დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას!
წავალ - ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს
და მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ: „მარია სტელლას“.