ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა

  11:53:13     26-08-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.