ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების გაუპატიურების ფაქტებმა იმატა, ადგილობრივები კი ამას რუსი გოგონების "აქტიურობას" აბრალებენ
15:34:34     03-08-2019
ოკუპირებულ აფხაზეთში შემზარავი ფაქტი მოხდა - 18 წლის ადგილობრივი ახალგაზრდა მამაკაცი რუსი ტურისტი გოგონას ძარცვისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ედგარ აბუხბა, ე.წ. მილიციამ სოფელ სიდაში დააკავა.
აფხაზური მედია იუწყება, რომ აბუხბამ რუსი ტურისტი სოხუმში გაიცნო, სასეირნოდ დაპატიჟა და შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადა.
აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სოხუმის მილიციის განყოფილებაში სატელეფონო შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმადაც, საავადმყოფოში მიიყვანეს 20 წლის გოგონა სხეულის მრავლობითი დაზიანებით.
გამოძიების ინფორმაციით, ედგარ აბუხბამ 31 ივლისის საღამოს, სოხუმის სანაპიროზე მიტოვებულ შენობაში შეიყვანა გოგონა, სადაც მასზე მუქარით იძალადა, შემდეგ კი მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. საქმე ორი მუხლით - 126-ე და 158-ე მუხლებით აღიძრა, რაც გაუპატიურებასა და ქურდობას გულისხმობს.
საქმეს სოხუმის ე.წ პროკურატურა იძიებს.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციებიდან ირკვევა, ასეთი შემთხვევები აფხაზეთში ხშირია, თუმცა დამნაშავეების დაკავება იშვიათად ხდება. ინტერნეტის მომხმარებლებს, ვითომ სასეირნოდ წაყვანილი ტურისტი გოგონების, შემდეგ მათზე ძალადობის და ტყეში დატოვების არაერთი ფაქტის შესახებ სმენიათ.
აფხაზების ნაწილი წერს, რომ ზოგ შემთხვევაში მომხდარს სხვა წინაპირობები აქვს: რუსი გოგონები აქტიურობენ, შემდეგ კი ამბობენ, რომ ახლადგაცნობილმა აფხაზმა მათზე იძალადა.
აფხაზეთში საკურორტო სეზონზე მწვავე კრიმინოგენული ვითარებაა - როგორც გავრცელებული მასალებიდან ჩანს, ოკუპირებულ რეგიონში ძარცვის, ყაჩაღობის, ქურდობის, ძალადობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება.