
"ქართველ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენეს" - რა გახდა ბათუმში ტურისტების დაჭრის მიზეზი?
16:28:42     31-07-2019
გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში სამი ტურისტი დაჭრეს. მათ ჭრილობების დანით აქვთ მიყენებული.
დაჭრილებიდან ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ისინი ამჯერად რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ერთ-ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ შელაპარაკება გოგონას გამო დაიწყო, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
"ქართველ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენეს და მერე მოხდა ჩხუბი," - ამბობენ ადგილობრივები. მათივე თქმით, აზერბაიჯანის მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.