უნგრეთის მთავრობა დაქორწინებულებს სამი შვილის ყოლის შემთხვევაში 30 590 ევროს გადასცემს
15:56:40     30-07-2019
უნგრეთის მთავრობა ახლადდაქორწინებულ წყვილს ერთგვარი სესხის სახით, 10 მილიონ უნგრულ ფორინტს შესთავაზებს, რაც 30 590 ევროს ტოლფასია. სამი შვილის ყოლის შემთხვევაში, წყვილს შეეძლება აღნიშნული თანხა უკან არ დააბრუნოს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ეს ინიციატივა არის ნაწილი უნგრეთის მთავრობის მიერ შემუშავებული "ოჯახების დაცვის სამოქმედო გეგმისა", რომელიც ოჯახების გაძლიერების მიზნით მოსახლეობას სხვადასხვა ფულად და არაფულად სერვისებს სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და მის მთავრობას, აღნიშნული ინიციატივით სურთ, წაახალისონ ქვეყანაში შობადობა და შეამცირონ ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინება.
სესხი უპროცენტოა და წყვილს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს იგი.
თანხა გაიცემა სპეციალური სქემის მეშვეობით, რაც უპირველესად, წყვილების სურვილის, პროგრამაში ჩართვის შესახებ, განცხადებით დაფიქსირებას მოიაზრებს.
პროგრამა პირველი ივლისიდან ამოქმედდა. ამოქმედებიდან 25 ივლისამდე, სქემაში მონაწილეობის სურვილი 2 400-მა წყვილმა მოითხოვა.