რუსულ არმიაში კაპელანები გამოჩნდებიან
11:07:23     14-07-2011
მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსულ არმიაში სამხედრო მღვდლები, იგივე კაპელანები გამოჩნდებიან. სამხედრო-სასულიერო ინსტიტუტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში დაჩქარებული წესით შევა. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს, მორწმუნე სამხედრო მოსამსახურეებთან მუშაობის სამმართველოს უფროსმა ბორს ლუკიჩევმა განაცხადა.
„პრეზიდენტის განკარგულებაა, რომ არმიასა და ფლოტში, 2011 წლის ბოლომდე, მოძღვრის ინსტიტუტი შემოვიღოთ. ახლა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დადგენილ ვადაში მოვასწროთ ამოცანის შესრულება,“ განაცხადა ლუკიჩევმა. მისი თქმით, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში იმ მღვდელთა მომზადება მოხდეს, რომლებიც მომავალში მეთაურების თანაშემწეებად დაინიშნებიან და სამხედრო ნაწილებში მორწმუნე სამხედროებთან იმუშავებენ.