რუსეთი და მოძველებული თვითმფრინავები
22:46:01     13-07-2011
რუსეთში, პრაქტიკულად ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე სერიოზული კატასტროფა მოხდა. ჯერ იყო და პეტროზავოდსკში დაჯდომისას თვითმფრინავი Ту-134 ჩამოვარდა, 11 ივლისს ძრავაში გაჩენილი ხანძრის გამო, მდინარე ობზე ავარიული დაჯდომა Ан-24-მა განახორციელა. რამოდენიმე დღის წინ კი, სამდინარო თბომავალი "ბულგარია" ჩაიძირა და თან ასზე მეტი ადამიანი გაიყოლა.
იმ გამოთქმისა არ იყოს - ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. რუსეთშიც ეხლა გაახსენდათ, რომ მორალურად მოძველებული საავიაციო პარკი გააჩნიათ და რეალურად თვითმფრინავების ნაწილის ფრენებზე დაშვება დაუშვებელია. მერე იწყება საქმის გარჩევები და დამნაშავეების ძებნა. ზოგჯერ დამნაშავე პილოტია, ზოგჯერ თავად ოპერატორი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მომხდარის ჩრდილშიც თავად თვითმფრინავიც იქცევა. განსაკუთრებულ აქტუალურობას ძველი თვითმფრინავების ჩამოწერის საკითხი მაშინ იძენს, თუ ეს თვითმფრინავი საბჭოურია.
მართალია ჯობია გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ რუსეთის სახელმწიფო მოხელეებს გარკვეული ზომები ადრე რომ მიეღოთ, ათობით ადამიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა. ასეა თუ ისე, საქმეში, თავად ქვეყნის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევიც ჩაერია. ჯერ კიდევ 20 ივნისს, კარელიაში Ту-134-ის ჩამოვარდნის შემდეგ, მედვედევმა 2012 წლისთვის, ამ თვითმფრინავის რეგულარული რეისებიდან მოხსნის საკითხის განხილვა მთავრობას დაავალა. მაგრამ ამ იდეას თავისი მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.
სერიოზულმა და მსხვილმა ავიაგადამყვანებმა ამ თვითმფრინავებზე უარი უკვე თქვეს. მაგალითად, "აეროფლოტმა" ამ ტიპის თვითმფრინავებზე უარი, 2007 წლიდან თქვა. მათ სანაცვლოდ კი "ეირბასები" შეიძინა, მაგრამ ყველა ავიაკომპანიას არ აქვს ამის ფუფუნება. წვრილ-წვრილ ავიაგადამყვანებს, რომლებსაც 4-5 Ту-134 ჰყავს, არ აქვს იმდენი ფინანსები, რომ მათ ნაცვლად ახალი ლაინერები შეიძინონ. შაბოლოოდ, მთავრობა კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე წავიდა. ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიურო, თვითმფრინავებს რესურს აღარ გაუგრძელებს, მის ამოწურვასთან ერთად კი, ავიაკომპანიები თვითმფრინავებს ჩამოწერენ.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ არის ყველაფერი მთლად მარტივი. მაგალითისთვის, პეტროზავოდსკში ჩამოვარდნილ ავიაკომპანია "რუსეირის" Ту-134-ის მოვიყვანთ (სარეგისტრაციო ნომერი RA-65691). ჩვენ არ დავიწყებთY კატასტროფის მიზეზების გარჩევას (ბორტზე მყოფი 52 ადამიანიდან 47 დაიღუპა), მხოლოდ იმას ვიტყვით რომ ეს თვითმფრინავი 1980 წლიდან დაფრინავს. შესაბამისად ჩამოვარდნის მომენტისთვის, ის ექსპლუატაციაში 31 წელი და 2 თვე იყო. დაჯდომებისა და საფრენოსნო საათების მიხედვით, მას რესურსი შესაბამისად 66 და 65 %-ზე ქონდა შევსებული. კალენდარული რესურსი კი, 98 %-ს შეადგენდა. ანუ თვითმფრინავი პრაქტიკულად ჩამოსაწერი იყო. ის კი ავიაგადაყვანებს ასრულებდა. ასეთი შემთხვევების მოძიება, რუსეთში ათობით შეიძლება.
რაც შეეხება თავად თვითმფრინავს, Ту-134 პირველად 1963 წელს აფრინდა, 1967-დან კი რეგულარულ ექსპლუატაციაში იმყოფება. მისი სერიული წარმოების პროცესი 1984 წელს, ყველა მოდიფიკაციის (მათი რაოდენობა 20-ს აღწევს) გათვალისწინებით, 852 თვითმფრინავის გამოშვებით დასრულდა. ის ერთ-ერთი ყველაზე მასიური საბჭოთა რეაქტიული თვითმფრინავია. სხვათა შორის ეს პირველი საბჭოთა ლაინერი იყო, რომელმა ინგლისური ნორმების შესაბამისი საფრენოსნო ვარგისიანობის სერთიფიკატი მიიღო.
მას შემდეგ არაერთმა ათწლეულმა განვლო, ტექნიკა წინ წავიდა და Ту-134 მოძველდა. დღეს ის, მსოფლიოში ყველაზე "ხმაურიან" თვითმფრინავად ითვლება. ამის გამო, ევროპის მსხვილი აეროპორტები მის მიღებაზე უარს აცხადებენ.
მაგრამ თავის დროზე, ეს ლაინერი ტექნიკური პროგრესის მწვერვალს წარმოადგენდა და საკმაოდ საიმედო თვითმფრინავათ ითვლებოდა. სტატისტიკის თანახმად, მისი ექსპლუატაციის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზებს 72 თვითმფრინავი შეეწირა. აქედან 9 საბრძოლო მოქმედებების მსხვერპლი გახდა (ერთი მათგანი 20 სექტემბერს, სოხუმიდან აფრენისას აფხაზებმა ჩამოაგდეს. მეორე Ту-134 მეორე დღეს, დაჯდომისას იქნა ჩამოგდებული. დაიღუპა 27 ადამიანი. კიდევ ერთი 22 სექტემბერს სოხუმის აეროპორტში დაბომბვისას განადგურდა) ერთიც - ტერორისტების. ჯამში კატასტროფებში 1494 ადამიანი დაიღუპა. თუმცა თუ სტატისტიკას დავაკვირდებით ინცინდენტების ნახევარზე მეტის მიზეზი ადამიანური ფაქტორია.
რაც შეეხება, Ан-24-ს, ძრავში ხანძრის გაჩენის გამო პილოტებმა, მისი მდინარეზე დასმის გადაწყვეტილება მიიღეს. დაჯდომა არც ისე რბილი გამოდგა და ინცინდენტმა 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეს თვითმფრინავი პირველად 1959 წელს აფრინდა და სერიულად 1979 წლამდე იწარმოებოდა. ის იმით გამოირჩევა, რომ მისი გამოყენება არა მხოლოდ სამოქალაქო ავიარეისებზე ხდება. ბევრ სახელმწიფოში, მას სამხედოებიც იყენებენ. დღეს, მისი სამხედრო ექსპლუატანტი, მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოა. მთლიანობაში, კიევის საავიაციო ქარხანამ 1367 თვითმფრინავი გამოუშვა. აქედან, დაახლოებით 300 კვლავ ექსპლუატაციაშია.
დღეისთვის, რუსეთში შესაბამისად 90 და 99 Ту-134-სა და Ан-24-ის ექსპლუატაცია ხდება. თუ გავითვალისწინებთ მათი სერიული წარმოების შეწყვეტის თარიღს, გამოდის რომ პირველის შემთხვევაში ყველაზე "ახალგაზრდა" თვითმფრინავი 27 წლისაა. Ан-24-ის შემთხვევაში კი - 32-ის.
მაგრამ ერთი ხელის მოსმითაც საქმე არ გაკეთდება. ციმბირის, იაკუტიისა და შორეული აღმოსავლეთის რეგიონებისთვის, ავიაცია უმეტეს წილად ტრანსპორტის ერთადერთი სახეობაა. და აქ ძირითადად სწორედ Ан-24-ების გამოყენება ხდება. შესაბამისად მათი ერთდოული ჩამოწერა სატრანსპორტო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. თვითმფრინავების მოდერნიზაცია კი მათი ასაკიდან გამომდინარე არავის აწყობს.
საბჭოთა კავშირში, სისტემა ისე იყო მოწყობილი რომ თითქმის ყველაფერს ქვეყანა თვითონ აკეთებდა. მატარებლები, თვითმფრინავები, ხომალდები, მანქანები საბჭოთა კავშირში კეთდებოდა. ის რისი გაკეთებაც არ გამოდიოდა, მოძმე რესპუბლიკებში ყიდულობდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლიდან აგერ უკვე 20 წელი გავიდა, თუმცა რუსეთში ტრანსპორტი და განსაკუთრებით თვითმფრინავები, უმეტეს წილად ისევ საბჭოურია.
დიდ იმედებს ერთი პერიოდი Ту-204-ზე ამყარებდნენ. მასზე მუშაობა, ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიურომ, 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო. გეგმის თანახმად ახალ თვითმფრინავს საბჭოთა კავშირში არსებული ყველაზე პოპულარული და ცნობადი თვითმფრინავი Ту-154 უნდა შეეცვალა.
Ту-204 1989 წლის 2 იანვარს აფრინდა პირველად ჰაერში. მაგრამ საბოლოო ჯამში მას არ ხვდა წილად Ту-154-ის ალტერნატივად ქცევის ბედი. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. Pირველი, საბჭოთა კავშირის დაშლასა და დაფინანსების შეწყვეტაში მდგომარეობდა. მეორე კი ის იყო, რომ რუსეთში მრავლად წარმოქმნილ ავიაკომპანიებს, გახსნილი საზღვრების წყალობით ნახმარი, მაგრამ დასავლური "ბოინგებისა" და "ეირბასების" შეძენა შეეძლო. მართალია ეს თვითმფრინავები არ იყვნენ ახლები, მაგრამ საბჭოურებზე ნაკლებ საწვავს წვავდნენ და შესაბამისად უფრო იაფი იყვნენ ექსპლუატაციაში.
შექმნილ ვითარებაში, რუსები იმედის თვალით, ახალ მაგისტრალურ სამგზავრო ლაინერ Sukhoi Superjet-ს უყურებენ. სწორედ მან უნდა მოახდინოს მოძველებული თვითმფრინავების ჩანაცვლება. თუმცა, ეს პროცესი ერთ და ორ წელიწადში არ დასრულდება. თვითმფრინავი პირველად, 2008 წლის მაისში აფრინდა, მაგრამ დღეისთვის დამკვეთისთვის მხოლოდ 2 ცალია ჩაბარებული. ერთი რუსულ "აეროფლოტს", მეორე კი სომხურ "არმავიას". მიზეზი, თვითმფრინავთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებია. ეს არც არის გასაკვირი. ნებისმიერი მსგავსი ლაინერის "ჭკუაზე მოყვანას", არაერთი წელი სჭირდება.
იქამდე კი რუსებს ახლო მაგისტრალურ თვითმფრინავებთან მიმართებაში ორი არჩევანი აქვთ - ან ევროპასა და აშშ-ში "აირბასები" და "ბოინგები" იყიდონ, ან იფრინონ იმაზე რაც აქვთ.