მიხეილ კალანდია: თავს დამნაშავედ არ ვცნობ
12:16:58     11-07-2019
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ბრალი ედება დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში. ამასთან, მოსამართლემ განუმარტა მას უფლებები და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.
„არ ვცნობ თავს დამნაშავედ", - განაცხადა მიხეილ კალანდიამ.
პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ რადგან საქმე ეხება არასრულწლოვნებს, სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართოს. ამ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, რაც მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, იმსჯელებენ კალანდიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე.
ბრალდების მხარე კალანდიას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ფიქრობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს და კალანდია უნდა გათავისუფლდეს.
ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს, მათ შორის მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება და ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებებში დანაშაულის იარაღიც არ არის მითითებული.
მოსამართლემ ასევე დღევანდელ სხდომაზე მხარეს უთხრა, რომ მას უფლება აქვს ნაფიცი მსაჯულების განხილვითაც ისარგებლოს.
არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიმდინარე წლის 6 ივნისს შეუფარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით 4 ივნისს დააკავა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.