საჩხერის სამთო მომზადების სკოლა

  11:25:47     13-07-2011

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ  დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოინახულა. მან საჩხერეში საფრანგეთის ელჩთან  ერიკ ფურნიესთან ერთად PfP-ის  სტატუსის აღმნიშვნელი დაფა გახსნა. PfP-ის  სტატუსი საჩხერის სამთო სკოლას რამდენიმე თვის წინ მიენიჭა. თუმცა, ახალი სტანდარტების სწავლებები იქ მიმდინარე ზაფხულსა და შემოდგომაზე დაიწყება.

საჩხერეში მყოფმა სტუმრებმა სამხედრო ბაზა დაათვალიერეს. მოისმინეს ინფორმაცია სკოლის განვითარებისა და დაგეგმილი სწავლებების შესახებ.

PfP-ის  სტატუსით სკოლა სამთო მიმართულებით როგორც ნატო-ს, ასევე მისი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს მოამზადებს.  სექტემბერში სამთო სკოლის ინსტრუქტორები ნატო-ს ქვეყნების სამხედროებისთვის სამთო მომზადების საბაზისო ზაფხულის კურსს ჩაატარებენ. კურსის ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. მისი მიზანია საბაზისო სამთო-ტექნიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება და მთიან პირობებში მოქმედება.  სწავლება ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მსმენელები კურსის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან სათანადო სამთო ტექნიკური აღჭურვილობით.

დაგეგმილია ასევე პოლონეთის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ქვეყნების სამხედროების მომზადება.

სამთო მომზადების კურსები ტარდება სხვადასხვა სპეციფიკის 6 სასწავლო უბანზე. თითოეული უბანი მომზადებულია ფრანგი და ქართველი სამთო ინსტრუქტორების მიერ, სადაც უსაფრთხოება მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი.

სწავლებებს ძირითადად ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჩაატარებენ. სკოლის ინსტრუქტორები საფრანგეთის სამთო ინსტრუქტორთა ჯგუფის მიერ სამწლიანი პროგრამით მომზადდნენ. მათ როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის კურსები გაიარეს. 2009 წლიდან კი სამთო ინსტრუქტორები კვალიფიკაციას იმაღლებენ საფრანგეთის მაღალმთიან სამთო მომზადების სკოლაში (EMHM).