"თუ აშშ თავს დაესხმება ირანს, ისრაელი ნახევარ საათში აღარ იარსებებს"

  16:25:40     02-07-2019

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მოჯაბა ზონურმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან თავდსახმის შემთხვევაში, თეირანი ისრაელს გაანადგურებს. იუწყება ირანული გამოცემა Mehr-ი.

"თუ აშშ თავს დაგვესხმება, ისრაელი ნახევარ საათში აღარ იარსებებს“, - განაცხადა მან.

ზონურმა, ტრამპის განცხადებას ირანზე იერიშამდე ათი წუთით ადრე დარტყმების გაუქმების შესახებ, პოლიტიკური ბლეფი უწოდა.

"ამერიკელებს რომ ეფიქრათ, მათი იერიში წარმატებული იქნებოდა, არ გააუქმებდნენ მას და ეს აუცილებლად მოხდებოდა", - აღნიშნა ზონურმა.

პარლამენტარმა განაცხადა, რომ ირანს დამანგრეველი სამხედრო ძალა გააჩნია. მისი აზრით ამერიკის ლიდერის მრჩევლებს ესმით, რომ ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმა მარცხით დასრულდება.

ზონურმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის 36-ვე ბაზას თეირანი აკონტროლებს.

უკანასკნელ ხანს ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავდა. ამერიკის ხელისუფლებამ ირანის ეკონომიკის საკვანძო სფეროების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას ისევ განაგრძობს.

აშშ-ის განმეორებითი სანქციების შემდეგ ირანის ნავთობზე  ყველა მყიდველმა უარი თქვა. შეერთებულმა შტატებმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის საპასუხოდ, თეირანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას ტერორისტული ორგანიზაცია უწოდა, ქვეყანას კი „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“.