რუსეთი აფხაზეთში უფლებებს იმყარებს
15:09:36     12-07-2011
სულ ახლახან, თვითაღიარებული აფხაზეთის პარლამენტმა იმ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს. მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ პირველი შეთანხმება 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა, ხოლო მეორე – 2010 წლის 17 თებერვალს.
თვითაღიარებული აფხაზეთის პარლამენტი მიიჩნევს, რომ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ნაციონალურ ინტერესებს პასუხობს. „შეთანხმება დაფუძნებულია თანაბარუფლებიანობის, პარტნიორობის, ერთმანეთისათვის სარგებლის მოტანისა და ერთმანეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებზე,“ განაცხადა თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გარიკ სამანბამ.
შეთანხმება სამხედრო სფეროს ისეთი მიმართულებებით თანამშრომლობას გულისხმობს, როგორებიცაა – სამხედრო უსაფრთხოების გამყარება–უზრუნველყოფა, საჰაერო სივრცის კონტროლი, თანამშრომლობა სამხედრო–საზღვაო სფეროში, საზღვაო კომუნიკაციების უზრუნველყოფა და საზღვაო აკვატორიის უსაფრთხოება; სამხედრო მოსამსახურეთა განათლება და გადამზადება სამხედრო–სასწავლო დაწესებულებებში, ასევე ერთობლივი ძალებით სამხედრო–სამეცნიერო და სამხედრო–ტექნიკური კადრების მომზადება, ერთობლივი მოქმედებები სამხედრო კავშირებისა და ავტომატიზირებული მართვის სისტემების კუთხით, თანამშრლომლობა დაზვერვის სფეროში, ჯარების მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და ტიპოგრაფიული უზრუნველყოფა, ჯარების ზურგის და ტექნიკური უზრუნველყოფა.
დეპუტატების აზრით, სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმების ძალაში შესვლა, დადებითად აისახება ისეთ სამხედრო მიმართულებებზე, როგორებიცაა სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის შემოტანა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მოდერნიზირება, კადრების მომზადება შესაბამის დაწესებულებებში და სამხედრო–ტექნიკური დახმარება. მათი განცხადებით, შეთანხმება, გარდა აღნიშნული საკითხებისა, მიმართულია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს და გამოხატავს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრის დაცვის პრინციპებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 3 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების შესახებ საჯაროდ განაცხადა. ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის, 2008 წლის 9 სექტემბერს დამყარდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაბამისი ნოტა გაცვალეს. 8 დღის შემდეგ, 17 სექტემბერს რუსეთმა აფხაზეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
აღნიშნულ საკითხს ორი კუთხით შეიძლება შევხედოთ. ერთი ის, რომ საქართველოსთვის და იმ მსოფლიო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, ეს ხელშეკრულებები უბრალოდ ცარიელი ფურცელია და ყველა შეთანხმება ანულირებული იქნება იმ წუთიდანვე, როგორც კი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია აღდგება. მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთი ერთგვარად „აპრავებს“ თავის ოკუპანტურ ქმედებებს აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ ყველაფრის შედეგად, დღეს აფხაზეთში, გარდა ასობით მძიმე ტექნიკის და 5000–მდე რუსი სამხედრო მოსამსახურის ყოფნისა და შედეგად სახმელეთო კონტროლისა, საჰაერო სივრცესა და საზღვაო აკვატორიასაც აკონტროლებს.