ნინო დარბაისელი: რატი ამაღლობელი წლიდან წლამდე უარესად და უარესად წერს
13:55:42     12-07-2011
ლიტერატურული კონკურსი ,,საბა“ 2003 წლიდან არსებობს. მისი დამფუძნებლები არიან: ,,თიბისი ბანკი,“ გაზეთი ,,24 საათი” და ქართული პენ კლუბი.
მიუხედავად იმისა, რომ ,,საბას” მწერლები და პოეტები ყოველწლიურად მოუთმენლად ელიან და ,,ლიტერატურულ ზეიმსაც“ კი უწოდებენ, მას ბევრი უკმაყოფილოც ჰყავს.
ქართველი პოეტსა და ლიტერატურათმცოდნეს ნინო დარბაისელს მიაჩნია, რომ კონკურს ,,საბა”-ში ლიტერატურული კორუფციაა და ის ფასეულობათა აღრევას უწყობს ხელს. მისი თქმით, ,,საბას” პრემიის ორგანიზატორებისა და ჟიურის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის.
ამ თემაზე ,,პრესა.ჯი” პოეტ ნინო დარბაისელს ესაუბრა:
ნინო დარბაისელი: ამთავითვე განვმარტავ, რომ კორუფციაზე საუბრისას, რასაკვირველია, ვინმეს პირდაპირ ფულად მოსყიდვას არ ვგულისხმობ. საუბარია ლიტერატურულ კორუფციაზე, როდესაც გარკვეული კლანის ხელში მოხვედრილი რომელიმე პრემია, ლიტერატურული ღირსების გაუთვალისწინებლად, სისტემატურად ნაწილდება, უპირატესად, საძმო-სადაქალოს წევრებზე, მარტივი პრინციპით: "მე შენ გაძლევ, შენ მე მომცემ"! დიახ, "საბას" ჟიურის, ასე ვთქვათ, ინკოგნიტო წევრების ბნელი საქმიანობა გამჭვირვალე ნამდვილად არ არის.
გეკითხებით, რას გვაძლევს ჟიურის წევრთა ვინაობის გასაიდუმლოება, თუ იგი მხოლოდ უცხოთათვის რჩება მიუწვდომელი, საახლობლოსთვის უმალ ცნობილი ხდება და კომფორტულ ვითარებაში აგვარებენ მათ საქმეებს?! ჟიურის წევრი, რომელიც ღიაობის პირობებში ფსიქოლოგიურად არ არის მზად, იყოს პრინციპული და ობიექტური, ვითომ გაუხმაურებლობის დროს იქნება უცოდველი?! ეს ხომ, უბრალოდ, გულუბრყვილოთა მოტყუება და თვალში ნაცრის შეყრაა.
რატომ უნდა იღებდნენ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს გუშინდელი დებიუტანტები, რომელნიც არც ფსიქოლოგიურად, არც ინტელექტუარად და არც მორალურად არ არიან მზად ამისათვის?!
– სოციალურ ქსელ facebook-ზე, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნებულ ჩანაწერში ,,შეკითხვები ზღაპრითურთ, კონკურს ,,საბას” ორგანიზატორთა ობიექტურობაში დაჯერებული მეგობრებისათვის”, ცალსხად მიანიშნებთ პოეტ რატი ამაღლობელის კორუმპირებულობაზე. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს? რატი ამაღლობელთან ასევე ფიგურირებს ,,საბას” ფინალისტი ქეთი ნიჟარაძე. თქვენ ფიქრობთ, რომ ქეთი ნიჟარაძეს რატი ამაღლობელმა გაამარჯვებინა?
– კორუფციას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სპეციფიკური სახე აქვს. ვიმეორებ, მე საუბარი მაქვს, საკუთრივ, ლიტერატურულ კორუფციაზე. თქვენ მიერ ნახსენებ ,,ჩანაწერში’’ იქვეა მოთავსებული ინტერნეტით გავრცელებული ლინკი მინი რეპორტაჟისა, რომელიც ცხადყოფს, რომ 2010 წლის მარტში ,,თიბისი ბანკის’’ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო ქეთი ნიჟარაძის პირველი პოეტური კრებული ,,წაუკითხავი ლექსები“, რომელიც რატი ამაღლობელმა თავისი სეფე-სიტყვით დაამშვენა, შემდგომ ამისა, ეს, კიდევ ვიმეორებ, უმწიფარი კრებული, რომელში შესული ლექსების გამოქვეყნებისგანაც თავს შეიკავებდა ნებისმიერი რედაქტორი, თუკი საკუთარი ჟურნალის დონეზე ზრუნავს, ,,საბას’’ გამოქვეყნებულ „შორტლისტებში’’, არა დებიუტის, არამედ პირდაპირ, პოეზიის ნომინაციაში ხვდება, ანუ იქ, სადაც არ მოიძებნა ადგილი მნიშვნელოვანი პოეტებისთვის, რომელთა ჩამოთვლისაგანაც თავს შევიკავებ, შემდგომ ამისა, ,,საბას’’ დაჯილდოების ცერემონიალამდე ერთი დღით ადრე, რატი ამაღლობელი უტიფრად ცრუობს მთელი საქართველოს ტელემაყურებლების წინაშე, რომ ეს თურმე ქეთი ნიჟარაძის პირველი კი არა, მესამე კრებულია. როგორ ფიქრობთ, თუნდაც ეს ერთი კერძო ,,უმნიშვნელო,” მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით დადასტურებული შემთხვევა ცოტაა, რათა მე ან მთელს საზოგადოებას შეექმნას საფუძვლიანი წარმოდგენა რატი ამაღლობელის კორუმპირებულობაზე?
– თქვენ ამბობთ, რომ ქეთი ნიჟარაძე არის ავტორი უმწიფარი ლექსებისა. შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხრათ, რა არ მოგეწონათ ახალგაზრდა პოეტის ლექსებში?
– კითხვა, რა არ მომწონს რომელიმე პოეტის კრებულში, მართებული იქნებოდა მაშინ, კრებული მეტნაკლებად საშუალო დონისა რომ იყოს, ამ შემთხვევაში კი გაუმართლებელი მგონია, რადგან თვით რატი ამაღლობელმაც კი, თავისსავე გამართულ პრეზენტაციაზე ქეთი ნიჟარაძის ღირსების წამოსაჩენად ბევრი ვერაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ იმეორა, თურმე როგორც პოეტს ინტუიცია ჰქონია. მხოლოდ ამაში თუ იძლევიან ,,საბას’’, ერთი-ორი ცნობილი თანამედროვე ქართველი ,,ნათელმხილველის’’ სახელს შევახსენებდი, არაფრით ნაკლებად და იქნებ ქეთი ნიჟარაძეზე ბევრად უკეთაც რომ წერენ.
– დიდი ხანია, იმაზე საუბრობენ, რომ ,,საბას” ჟიურის წევრები ერთი წელი ჟიურიში არიან, მეორე წელს კი ნომინირებულნი არიან კონკურსზე და ფინალშიც გადიანო. თქვენს კომენტარში, რატი ამაღლობელს იგივე უწინასწარმეტყველეთ. როგორ ფიქრობთ, ,,საბა” მარტო ჟიურის წევრებისთვის და მათი ახლობლებისთვის არსებობს?
– ისინი, ვინც ამის თაობაზე კარგა ხანია ასე და ამრიგად საუბრობენ, მართალნიც არიან. ,,საბა”-ზე ხომ თითქმის ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ჟიურის წევრებად გასულნი თავად აჯილდოებენ თავის რჩეულებს, მომდევნო წელს კი ეს ყოფილი გამარჯვებულნი, აწ კი ახალი ჟიურის წევრები, საჯაროდ, დაჯილდოების ცერემონიალის დროს, ,,ვალს უბრუნებენ’’ საკუთარ კეთილისმყოფელს. ამაღლობელმა ერთ თავის ინტერვიუში ბრძანა, რომ წელს კრებულს გამოსცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს არ იქნება ,,საბას“ ორგანიზატორი, ვფიქრობ, სიბილას თუ დებორას დიდი ნათელმხილველობა არ სჭირდება იმის წინასწარმეტყველებას, როგორ ,,მიინიჭებს’’ იგი საკუთარი მეგობრების ხელით პრემიას, განა 2006 წელსაც ასე არ მოიქცა?
–უკაცრავად, მაგრამ ეს კითხვა უნდა დაგისვათ: ,,საბას” კონკურსში თქვენც იღებდით მონაწილეობას. თქვენმა ,,ვიტა ბრევისმა ” რომ ვერ გაიმარჯვა კონკურსში, ამის გამო ხომ არ განაწყენდით? რომ გაგემარჯვათ, ,,საბა” მაინც კორუმპირებული კონკურსი იქნებოდა?
– ჩემი კრებული წელს არათუ გამარჯვებულთა შორის, საერთო სიაშიც კი დიდი, ჯგუფური ინტერნეტ-ბრძოლის შედეგადაა შეტანილი. ამის მერე იგი ,,შორტლისტებშიც’’ ვერ მოხვდა. მანამდე 2005 წლის ,,საბას’’ ჟიურის წევრმა და წლევანდელმა გამარჯვებულმა გივი ალხაზიშვილმა საკუთარ გამომცემლობაში, როგორც ახლა ირკვევა, თავისივე მიერ ,,ლევად’’ გამოცემული ჩემი კრებული ,,დიოტიმა’’, საერთოდ დაუმალა ჟიურის, ისარგებლა რა ჩემი უცხოეთში ხანგრძლივი ყოფნით.
ეს ჩემს ნაცვლად რომელიმე სხვა ავტორს რომ მოსვლოდა, გულს გაუხარებდა?
ამდენად, ჩემი რეაქცია მომხდარზე - სავსებით ადეკვატურია. იგი გამოვხატე და გამოვხატავ კიდეც საჯაროდ, გულწრფელად, დოკუმენტირებულად, დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვები და აპრობირებული, კანონიერი საშუალებებით.
წლევანდელი ,,საბა’’ კი, მიუხედავად იმისა, გავიმარჯვებდი თუ არა პირადად მე, მაინც კორუმპირებულად დარჩებოდა. საკუთარი გამარჯვება, ცხადია, გამახარებდა, მაგრამ გულწრფელად იმას მივაწერდი, რომ ჩემი სახით, კონკურსის მესვეურებს დასჭირდათ ერთი დღემდე სუფთად გადარჩენილი ,,ფეისიც’’, რათა საკუთარი ძმაკაც-დაქალებისადმი გაწეული სამსახური ამ ,,ფეისსმიღმა‘’ მიჩქმალულიყო.
– თქვენს facebook-ის გვერდზე, რატი ამაღლობელთან, ასე ვთქვათ, შეკამათება მოგივიდათ. თქვენ მას მისწერეთ, ახლა რაც გამოვაქვეყნე ჟურნალია, მალე 3 D-ს ფორმატის კინო იქნებაო. რას გულისხმობდით? რატი ამაღლობელზე რამე კომპრომატების გამოქვეყნებას ხომ არ აპირებთ?
– რატი ამაღლობელის კორუმპირებულობის ნათელყოფას, ჩემი მხრით, რა დამატებითი, რაღაც ფარული კომპრომატების გამოქვეყნება სჭირდება? იგი ხომ თავისი საქმიანობითვე გონიერი საზოგადოების თვალში ისედაც კომპრომეტირებულია, როგორც მთავარი ,,გმირი’’ საბას პრესტიჟის შელახვისა. ,,ჟურნალის შემდგომ კინო’’კი იმას გულისხმობდა, რომ ,,საბას’’ მესვეურთა მოსალოდნელ, უკვე ტრადიციადქცეულ, კლანურ გადაწყვეტილებებს მკაცრი შეფასებები მოჰყვებოდა და მოჰყვება, თანაც არა მხოლოდ ჩემი მხრიდან.
– მოგწონთ თუ არა რატი ამაღლობელის ლექსები?
– არსებობს ამაღლობელის პოეზიაზე კრიტიკოს თეიმურაზ დოიაშვილის მიერ 2003 წელს გამოქვეყნებული წერილი ,,პოეზია პაუზაა’’, რომლის ავტორის კეთილგანწყობაშიც ძნელია ეჭვი შეიტანო. მაშინ კრიტიკოსი არაერთ არსებით შენიშვნას გამოთქვამდა დამწყები პოეტის პირველი კრებულების ანალიზის საფუძველზე და მომავლისათვის მათ გამოსწორებას აუცილებლად თვლიდა. დაბეჯითებით ვიტყვი და საჭიროების შემთხვევაში წერილობითაც დავამტკიცებ, რომ ამაღლობელი წლიდან წლამდე უარესად და უარესად წერს. ამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე ინერციაც მიელევა და წერას საერთოდ მიანებებს თავს.
– ,,საბას” მომავალ კონკურსზე თუ აპირებთ მონაწილეობის მიღებას?
– თუ არ მოხდება ,, საბას’’ ახალი ფორმატის’’ შემუშავება და მისი დისკრედიტებული ჯგუფის შეცვლა, არა მხოლოდ ჩემს, არამედ სხვა ,,კლანსგარეთა“ ავტორთა მონაწილეობას მასში აზრი არა აქვს. მონაწილეობის შემთხვევაში, კორუფციისთვის ნიშნეული ,,პროპორციულობის წესის’’ წყალობით, მათ იღბლად, იქნებ პრემიაც მოიპოვონ, ცოტა ხელიც მოიმართონ, მაგრამ ჩემთვის მაინც ,,თეთრ ზანგებად’’ დარჩებიან და ვფიქრობ, არც გონიერი საზოგადოების თვალში შეიძენენ რაიმე დამატებით ღირსებას, პირუკუ კი უფრო სავარაუდოა - იქნებ აქამდე ღირსეულ მათ რენომეს რაიმე ჩრდილისმაგვარიც მიადგეს. მოკლედ, ამ კონკურსს, რომელიც ლიტერატურულ ინტერესებს უფრო და უფრო ემიჯნება და საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრას ემსგავსება, თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, როგორც მონაწილე, პირადად მე აღარასოდეს გავეკარები. პრემიის მთავარი დამფუძნებლის კეთილი ნების საპირისპიროდ, ,, საბა’’ დღეისთვის ლიტერატურას, პოზიტიურ ორიენტირთა გამოკვეთას კი არ ემსახურება, მის ფასეულობათა აღრევას უწყობს ხელს.
– ხომ არ გამოდის ისე, რომ თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ ,, საბას’’ კონკურსში ყველა გამარჯვებულის და ჟიურის ყველა წევრის ღირსებას?
– წეღან საუბარში ,,თეთრი ზანგები’’ ვახსენე, თუმცა მათი მნიშვნელობა არ განმიმარტავს. ჟიურის კეთილსინდისიერი წევრები და ,,საბას’’ ღირსეული გამარჯვებულები, ჩემი თვალთახედვით, ასეთნი არიან. რატომ ,,თეთრი ზანგები’’?! ამერიკაში ცხოვრების გამოცდილებამ დამანახა ერთი საინტერესო ყოფითი კანონზომიერება. რასობრივ დისკრიმინაციაში რომ არ დაედოთ ბრალი, თეთრკანიანები მუდამ ცდილობენ, საკუთარ კომპანიაში რაღაც მნიშვნელოვან თანამდებობაზე აუცილებლად ამუშაონ ერთი-ორი ზანგი, ჯგუფურ ფოტოშიც მუდამ ჰყავდეთ ორიოდე ასეთი, თუ პრესტიჟულ სამეზობლოს აშენებენ და დიდ წვეულებას იხდიან. ასევე, ,, საბას ‘’ საქმიანობაშიც ასეთი ე.წ. ,,პროპორციის პრინციპი’’ იკვეთება, თორემ ასე რომ არ მოიქცნენ, საზოგადოებრივ პრესტიჟს საერთოდ გამოეთხოვებოდნენ. დაუკვირდით მარტივ არითმეტიკას, ხუთკაციან ჟიურიში სამი თუ ორგანიზატორის უპირობო ახლობელია, განსხვავებული აზრის შემთხვევაში, ორი სამის წინააღმდეგ რამეს გააწყობს?
– ამ თემას ოდნავ გადავუხვიოთ. რას ფიქრობთ დღევანდელ ქართველ მწერლებზე, პოეტებზე? ბევრ მათგანს განდიდების მანია სჭირს და თავს გალაკტიონსა და რუსთაველს უდარებს.
– მეგალომანია საერთოდ პოეტთა ტიპიური სენია, რაც მეტნაკლებად ყველას გვჭირს. უნიჭოთა მოხშირებული ,,ჩემი სჯობსო’’ სასაცილოზე სასაცილოა, ხოლო ნამდვილი პოეტებიდან თუ ვინმეს გული ერჩის, რუსთაველსა და გალაკტიონს გაუტოლდეს, საქმითაც უნდა დაამტკიცოს. თუმცა, არ დავმალავ, ძალზე მეპარება ეჭვი, დღეს ეს ვინმემ შესძლოს.
თუ ვინმე ჭეშმარიტ სიმაღლეს თავს უტოლებს, მაგრამ რეალურად ვერ შესწვდება, რაღა დარჩენია, ცდილობს ეს სიმაღლე რამენაირად დაამდაბლოს, მგალითად უხამსი ფსევდო პოსტმოდერნისტული პოეტური წაკითხვა შესთავაზოს გულუბრყვილო მკითხველს. ეპატაჟი არის? - არის! სკანდალით სახელის განთქმაც გარანტირებული აქვს.
– დღეს წინა პლანზე არიან ის პოეტები და მწერლები, რომლებსაც ფული, ძალაუფლება და ბევრი ნაცნობობა ჰყავთ. არიან ისეთებიც, რომელთა ნაწარმოებებს ამ ,,ცნობად” ავტორთა ნაწარმოებებს ვერც კი შეადარებ, რადგან გაცილებით მაღალი დონისაა, თუმცა, მათ არავინ არ იცნობს. როგორ შეიძლება ეს ავტორები საზოგადოებას გავაცნოთ?
– დიახ, დღეს პოეტებად თვითგამოცხადებულ პირთა ხელში თვითპიარის მრავალი საშუალებაა მოქცეული: ფული, ძალაუფლება, ნაცნობობა და სხვაც ბევრი რამ, რასაც მარჯვედ იყენებენ გაქნილი უნიჭოები, მაგალითად, წლევანდელი ,,საბას’’ პოეზიის ნომინაციაში ,,ჩაწყობით’’ გამარჯვებული გივი ალხაზიშვილი - ყოველმხრივ რეპუტაციაშელახული, პროფესიული კრიტიკის მიერ სულ ახლახანს ნეგატიურად შეფასებული ,,რიგითი მთხზველი’’, რომლისთვის პრემიის მინიჭებითაც ვითომდა კრიტიკის აღორძინების მოსურნე ,,საბას’’ ორგანიზატორებმა და ჟიურიმ ასეთი ცინიკური პრინციპულობა გამოიჩინეს. მოკლედ, რატია და რატის ნაბადი!
ნამდვილ, უფრო მაღალი დონის, მნიშვნელოვან, მაგრამ მიჩქმალულ ავტორებზე კი საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, ხმა უნდა აღიმაღლოს უღირსთა აღზევების წინააღმდეგ, არ დაუშვას ლიტკონკურსების ფარსი და მაშინ ნიჭიც გამოჩნდება და თავის გზას გაიგნებს. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ თვალწინ ლიტერატურის მაგიერ აღიმართება წიგნებად გამოცემული მაკულატურის მთები, რომელსაც ქვეყნის საცინელ-სავალალოდ, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას დაარქმევენ.
– მისაღებია თუ არა თქვენთვის ისეთი ნაწარმოებები, რომელშიც წინა პლანზეა წამოწეულია სექსი, ნარკომანია, ძალადობა? ამ ნაწარმოებების ავტორთა თქმით, დღეს ეს სჭირდება ხალხს, მკითხველს...
– სუბიექტურად, ასეთი არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ ხელოვნების სხვა დარგებიც ნაკლებად მიზიდავს და ეს ჩემი, როგორც მკითხველის გემოვნების ამბავია, ობიექტურად კი ასეთ ნაწარმოებებს, თუ სინამდვილეში იმდენად ღირებული სათქმელი აქვთ, და თანაც, რეალურად, იმდენად მაღალია მათი მხატვრულ-ესთეტიკური ხარისხი, ვინ რას გააწყობს?
მაგრამ აუცილებელია, დემოკრატიული განვითარების გზაზე შემდგარ ჩვენს სახელმწიფოს ამ ტიპის ლიტერატურული თუ არალიტერატურული პროდუქციისადმი კანონმდებლობით უზრუნველყოფილი რეიტინგული სისტემა ჰქონდეს.
– რა აზრის ხართ ისეთ ნაწარმოებებზე, როლშიც შეურაცხყოფილია ქართული ტრადიციები, რელიგია?
– ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური. მათი მიზანი ეპატაჟის გზით თვითდამკვიდრება და ამ მიზნით, ჩვენს სულიერ ღირებულებათა შეურაცხყოფაა და არა – ღირებული მხატვრული ნაწარმოების შექმნა. თუმცა, დღეს ეს ეპატაჟიც ვეღარ მუშაობს ქართულ საზოგადოებაში, რადგან მის ზნეობრივ ორიენტირებზე თუნდაც მასმედიის გამოყენებით, იმდენი მხრიდან ხორციელდება ტოტალური შეტევა, რომ უკვე უჭირს ან აღარც შეუძლია, შეინარჩუნოს აუცილებელი კონტრასტული ფონი, ნიადაგი, რომელზეც რაიმე ტიპის ეპატაჟი თავის ბუნებას მკვეთრად და მომგებიანად გამოავლენდა.
– საქართველოში თუ არსებობენ ლიტერატურული კრიტიკოსები?
– გნებავთ, მიკერძოებაში ჩამეთვალოს, მაინც ვიტყვი, რომ თუ კრიტიკოსის ცნება პროფესიონალიზმსა და პრინციპულობას ერთდროულად გულისხმობს, ასეთი დღეს საქართველოში ჩემი მეგობარი და საბედნიეროდ, არა მხოლოდ ჩემი მასწავლებელი თეიმურაზ დოიაშვილია.
გვყავს სხვა პროფესიონალი კრიტიკოსებიც, რომელთაც არ უცდიათ, ან ხელი აიღეს პრინციპულობაზე, დაივიწყეს იგი, ან დაიღალნენ მუდმივი ბრძოლით, ჩვენს საზოგადოებაში მართალი სიტყვის მთქმელს რომ მოელის და უფრო მშვიდ, მეტნაკლებად შემოსავლიან საქმიანობებს მიჰყვეს ხელი.
არიან ასევე პროფესიონალი კრიტიკოსები, რომელთა ინტერესის საგანს ნაკლებად წარმოადგენს მიმდინარე ლიტერატურული პროცესი და კრიტიკის სხვადასხვა ჟანრებში აპრობირებული მეთოდებით მუშაობენ, უფრო თეორიული საკითხებით არიან დაკავებულნი ან ძირითადად ჩვენს ლიტერატურულ ტრადიციას იკვლევენ, ხოლო არაპროფესიონალ, უპრინციპო, თვითმარქვია კრიტიკოსთა რიცხვი - ლეგიონია.
,,საბას’’ ნომინაციებში კრიტიკა ცალკე გამოყოფილი რომ ვნახე, გულით გამიხარდა. ნომინანტებად ნუგზარ მუზაშვილი და შოთა იათაშვილი რომ დაასახელეს, ვერც კი დავუშვი, რომ ჟიურის აზრად მოუვიდოდა, ჩემი თაობის გამორჩეული, პროფესიონალი კრიტიკოსის ნუგზარ მუზაშვილის პროფესონალური წიგნისთვის რაიმე ნიშნით ჩემივე თაობის პოეტის შოთა იათაშვილის ფსევდოკრიტიკული იწილო-ბიწილო შეედარებინა.
როცა ცერემონიალის დროს ჟიურიმ საზოგადოებას ამცნო საკუთარი მორიგი არაორდინარული გადაწყვეტილების - ერთ ნომინაციაში პრემიის ორად გაყოფის შესახებ, (საინტერესო კია, როცა ძალიან დასჭირდება, შემფასებელთა ხუთ ხმას ორ თანაბარ ნაწილად რა არითმეტიკის ან ალქიმიის მეშვეობით ჰყოფს), და მიკროფონთან მუზაშვილზე ადრე მისწრებულმა შოთა იათაშვილმაც ენის ბორძიკით დაიწყო საუბარი, ველოდი, აი, ახლა იტყვის, მადლობა ჟიურის ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ უარს ვაცხადებ პრემიაზე, რადგან მიმაჩნია, რომ იგი ნუგზარ მუზაშვილს ეკუთვნისო.... თუმცა, დღეს ჩვენში შემორჩენილა ამგვარი ღირსება, მაინცა და მაინც დღენიადაგ ლუკმა-პურის შოვნაზე გადაგებული მეგობარი-კოლეგისაგან რომ მოველოდე?