პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლეს პირველი თავი - გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია და ბაჩანა ბრეგვაძის მიერ ნათარგმნი
13:05:42     12-07-2011
12 ივლისს ჩვენი ეკლესია აღნიშნავს დიდებულთა და ქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს.
პეტრე და პავლე მოციქულების ეპისტოლენი საქართველოში უძველესი დროიდან ითარგმნა. ჩვენ დღეისათვის გვაქვს ამ ეპისტოლეთა კანონიკური ტექსტი, თუმცა, როგორც ცნობილია, ბოლო დროს ძველი და ახალი აღთქმის ტექსტები სხვადასხვა ადამიანმა თარგმნა.
ჩვენი თანამედროვე მთარგმნელები კარგად აგრძელებენ ქართველი მნათობების საქმიანობას. მართალია, ეკლესიაში ღვითსმსახურება ახალ ქართულ ენაზე არ გადავა, უფრო სწორად, კანონიკური ტექსტები არ შეიცვლება, მაგრამ, მოსახლეობის განსწავლისათვის ასეთი თარგმანების არსებობა მნიშვნელოვანია. როცა რომელიმე მკითხველი, მოსწავლე ან სტუდენტი ვერ გაიგებს ტექსტის შინაარს, ახალი თარგმანები ამაში დაეხმარება.
დღეს, პრესა გე-ს მკითხველს ვთავაზობთ პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლეს პირველ თავს, კანონიკურ ტექსტს და იგივეს თანამედროვე ქართულ ენაზე, ბაჩანა ბრეგვაძის მიერ ძველი ბერძნულიდან თარგმნილს. ბაჩანა ბრეგვაძე ცნობილია, როგორც შესანიშნავი მთარგმნელი.
ქველ ქართულსა და ახალ ქართულ სალიტერატურო ენას შორის განსხვავება მცირეა. ძველი ბერძნული და ახალი ბერძნული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე ძველი სომხური და ახალი სომხური. და სხვა ენებიც. ქართველები კი ამ მხრივ ბედნიერები ვართ. ჩვენ გვესმის ჩვენი წინაპრების ენა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ქართული ენა მართლაც ლაზარეა, ღმერთების ენაა.
პეტრე მოციქული შესანიშნავი სახეებით, მაღალმხატვრულად წარმოგვიდგენს თავის სათქმელს. ის მარტივად და უბრალოდ, მშვენივრად აგებინებს მკითხველს. მაგალითად:
"24. რამეთუ ყოველი ხორცი თივაი არს და ყოველი დიდებაი კაცისაი, ვითარცა ყუავილი თივისაი: განხმა თივაი იგი და ყუავილი მისი დასცვივა.
25. ხოლო სიტყუაი ღმრთისაი ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყუაი, რომელი გეხარა თქუენ.".
ამ ფრაზაში, შესანიშნავი მხატვრული ხერხებით გვესიტყვება, მარტივად და ლამაზად. ძალიან ადვილია მისი გაგება და ისე გვაწვდის მისი სიბრძნის, რწმენის შინაარს, რომ აღფრთოვანებას იწვევს და ამით უფრო მეტად დამაჯერებელი ხდება. ქრისტიანობას, მაცხოვრის ქადაგებებიდან და იგავებიდან მოყოლებული, ახასიათებს თხრობის სილამაზე და სახეები, რომლებიც ბრწყინვალე პოეტებს შეშურდებოდათ.
როგორც ვთქვით, დღეს გავიხსენოთ პეტრე მოციქულის ერთი ეპისტოლე ძველ და თანამედროვე ქართულ ენაზე. დავრწმუნდებით, როგორც ძველად, ისე ახლაც, დიდებული მთარგმნელები გვყავს. და რაც მთავარია, კანონიკური ტექსტები ადვილად გასაგები და უნიკალურია.
ამ დღეებში შემოგთავაზებთ პავლე მოციქულის ეპისტოლესაც ძველ და თანამედროვე ქართულ ენაზე.
იოტა შევცვალე ინ-ით, ვიე ვინ-ით, ხარ-ი ხან-ით.
ჩვენს მკითხველს კიდევ ერთხელ ვულოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს.
პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკე. პირველი
თავი 1
1. პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოისა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითვინიისათა,
2. წინაწარ ცნობითა ღმრთისა მამისაითა და სიწმიდითა სულისაითა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშვიდობაი განმრავლდინ!
3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თვისითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით,
4. სამკვიდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ,
5. რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაითა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაისკნელსა.
6. რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალ-ფერთა შინა განსაცდელთა.
7. რაითა გამოცდილებაი იგი სარწმუნოებისა თქუენისაი უპატიოსნეს უფროის ოქროისა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოვოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა.
8. რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა.
9. და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაი სულთაი.
10. რომლისა ცხორებისათვის გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ მადლსა მას გიწინაწარმეტყუელებდეს,
11. გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი, წინაწარ უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა.
12. რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თვისთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათვის გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.
13. ამისთვის მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა.
14. ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმათა,
15. არამედ მწოდებელსა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა.
16. რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.
17. და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელი-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითეულისა საქმეთაი, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით.
18. უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროითა იხსნენით თქუენ ამაოისა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა,
19. არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოისა და უმანკოისა ქრისტესითა,
20. წინაწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკუანაისკნელთა ამათ ჟამთა თქუენთვის;
21. რომელთა-ეგე მის მიერ გრწმენა ღმრთისა მიმართ, რომელმან-იგი აღადგინა იგი მკუდრეთით და მისცა მას დიდებაი, რაითა სარწმუნოებაი ეგე თქუენი და სასოებაი იყოს ღმრთისა მიმართ.
22. სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაითა, სულითა ძმათ მოყუარებისათვის შეუორგულებულ იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად.
23. მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყვითა ღმრთისა ცხოველისაითა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე.
24. რამეთუ ყოველი ხორცი თივაი არს და ყოველი დიდებაი კაცისაი, ვითარცა ყუავილი თივისაი: განხმა თივაი იგი და ყუავილი მისი დასცვივა.
25. ხოლო სიტყუაი ღმრთისაი ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყუაი, რომელი გეხარა თქუენ.
პირველი პეტრესი
თავი პირველი
1. პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და ბითვინიაში განთესილ ხიზნებს,
2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!
3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
4. რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,
5. რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს,
6. და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,
7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,
8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,
9. რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს: სულების ხსნას.
10. სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს.
11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.
12. მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.
13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
14. როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს.
15. არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი.
16. ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“.
17. თუკი მამას უწოდებთ მას, ვინც პირუთვნელად განსჯის ყველას, თანახმად მისი საქმისა, მოშიშებით გალიეთ თქვენი ხიზნობის ყავლი.
18. რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან,
19. არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,
20. ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის,
21. რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ.
22. ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,
23. როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.
24. ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
25. ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ.