ექსპერტიზის დასკვნით, ლაგოდეხში 16 წლის გოგოს მიერ გაჩენილი ბავშვის მამა 40 წლამდე მეზობელია
11:30:19     10-06-2019
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება 2018 წლის სექტემბერში, ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში 16 წლის არასრულწლოვან გოგოსთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, 40 წლამდე კაცის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარებას. შედეგად გოგო დაფეხმძიმდა, მან ბავშვი მიმდინარე წლის მაისში გააჩინა, მანამდე კი როგორც თავად გოგო და მისი ოჯახი ამბობს, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.
შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლადდაბადებული ბავშვის ბავშვის მამაა.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.