ლიბიაში ომი დასასრულისკენ მიდის?

  12:03:43     11-07-2011

ლიბიის მოვლენების მეთვალყურე მსოფლიოს, მედიამ დღეს სიუპრიზად ახალი ინფორმაცია მიაწოდა: მუამარ კადაფის ხელისუფლება, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საფრანგეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ამის შესახებ ჯამაჰარიის მეთაურის ერთ–ერთმა ვაჟმა, ალჟირული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ფრანგულ მხარეს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ერთი კია, უკვე ყველამ იცის, რომ ქვეყნის ერთ კუთხეში შეყუჟულ ამბოხებულებს მთლიანად საფრანგეთი აკონტროლებს და პერიოდულად, იარაღსაც აწვდის. თუმცა, გასულ კვირას, საფრანგეთმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ ამის შემდეგ, მსგავსი პრეცედენტები აღარ გამეორდება და ლიბიელ ამბოხებულებს იარაღი თუ დასჭირდებათ, ამაზე თავად მოუწევთ ზრუნვა.

ფრანგების ასეთი აქტიურობით, როგორც ჩანს, ოკეანის გაღმა დიდად არ აღფრთოვანებულან. აშშ ჯამაჰარიის მოწინააღმდეგე კოალიციას აქტიურობისაკენ კი მოუწოდებს, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა და დაბომბვებში უშუალო ჩართულობა და არა აშშ–ის გვერდის ავლით, ქვეყანაში იარაღის ფარული შედინება იგულისხმებოდა. პარიზის პასუხად, გასულ კვირასვე, აშშ–ის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკულ ნებისმიერ სტრუქტურას ლიბიელი ამბოხებულებისათვის იარაღის მიწოდება კატეგორიულად ეკრძალება.

ლიბიაში კი, ამ ეტაპზე, მოვლენები ასე ვითარდება: საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟერარ ლონგე დაბომბვების შეწყვეტის დაპირებას იძლევა, თუ ლიბიაში ადგილობრივი დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან დიალოგს დაიწყებენ და ორივე მხარის სამხედროები ყაზარმებში დაბრუნდებიან. ევროპელები ნელ–ნელა მიდიან იმ დასკვნამდე, რომ კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის შანსები მცირეა. გასულ კვირას ის ინფორმაციაც კი გავრცელდა, რომ კადაფი გადადგომაზე დათანხმდება, თუ საფრანგეთი მას გარკვეულ გარანტიებს მისცემს. საუბარი მიდის პოლკოვნიკის და მისი ოჯახის ანგარიშებისათვის გაყინულის სტატუსის მოხსნასა და მის წინააღმდეგ გამოძიების წარმოების შეჩერებაზე.

თუმცა, მოვლენების ამ მიმართულებით განვითარებას სხვა ბარიერი ეღობება წინ. საფრანგეთი რომც დათანხმდეს კადაფის ამ წინადადებას, ამერიკის შეერთებული შტატები საამისოდ მზად არ არის. ლიბიელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, დარჩეს თუ არა კადაფი ხელისუფლებაში – აცხადებენ ვაშინგტონში. ეს „თავად გადაწყვეტა“ კი რას გულისხმობს, მსოფლიომ უკვე კარგად იცის. ნატო ტრიპოლის დაბომბვას, ჩვეულებისამებრ, აგრძელებს. ორი დღის წინ, ნატოს ძალებმა ლიბიის დედაქალაქს ავიციისა და ხომალდების გამოყენებით, მძლავრი დარტყმები მიაყენეს. ადგილობრივი და უკვე საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაბომბვები საცხოვრებელ კვარტლებშიც განხორციელდა. ასეთი ფაქტები კოალიციის იმიჯზე ძალიან წამგებიანად მოქმედებს. დაბომბვების შედეგად, უკვე 900 მშვიდობიან მოსახლე დაიღუპა.

ჯამაჰარიის ლიდერს კი, ეს დროში გაწელილი ოპერაცია თავს ძლევამოსილად აგრძნობინებს. კადაფი, პერიოდულად, საჯარო გამოსვლებს აწყობს და აცხადებს, რომ მის ხალხს არანაირი პრობლემა არ აქვს და ბრძოლას თავდადებით აგრძელებს. ხოლო პრობლემა ლიბიაში მხოლოდ კოლონისტ სახელმწიფოებს ექმნებათ, რომლებიც სხვის მიწაზე იბრძვიან. ეგ კი არა, „ბედუინების მეთაური“ მუქარაზე აქეთ გადავიდა და ომის ევროპის ტერიტორიაზე გადატანა „დააპირა“. მცირე ხნის წინ, ისიც კი განცხადა, რომ ლიბიას ატომური ბომბი რომ ჰქონოდა, ამდენს ვერავინ გაუბედავდაო. სხვათა შორის, ბირთვულ პროგრამაზე უარი კადაფიმ 2003 წელს თავად თქვა. ცოტა მოგვიანებით კი, პირიქით, კარდინალურად განსხვავებული განცხადებებით გაააკეთა და ევროპას მშვიდობისაკენ მოუწოდა. ეს უკანასკნელი, აშკარაა, რომ უკვე წინააღმდეგი არ არის ამ წინადადების. ომს პირველი იტალია გამოეთიშა. ზოგი ექსპერტი უფრო შორსაც მიდის და ირწმუნება, რომ ომი ლიბიაში ახლო მომავალში საბოლოოდ დასრულდება.