"კაფეში არაბი ბიჭი იჯდა ქართველ ქალთან ერთად. მივიდნენ და ჰკითხეს, ერთმანეთი გიყვართო? მერე საცემად გაიწივნენ, ყველაფერი დალეწეს" - მარჯანიშვილზე მდებარე კაფეში უცხოელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

  10:15:28     31-05-2019

დამტვრეული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები - შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ისინი ქართველ ქალთან ერთად ისხდნენ, რომელიც მათი გიდი იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათი თქმით, დამნაშავეებმა უცხოელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, გამვლელი ქართველი მამაკაცები არაბ ახალგაზრდასთან და მის გვერდით მყოფ ქართველ ქალთან მივიდნენ და აგრესიულად ჰკითხეს, თქვენ ერთმანეთი გიყვართო? მათ უპასუხეს, კიო. მერე საცემად გაიწივნენ, დალეწეს კაფის ინვენტარი.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობდნენ. პოლიციამ კაფის თანამშრომლები ადგილზე გამოკითხა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა ედება , მეორეს კი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.