"საბა - 2011": ნომინაციები და გამარჯვებულები
08:33:09     11-07-2011
ლიტერატურული პრემია, „საბა“ 2003 წელს დაარსდა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია, საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენა, რამდენიმე ნომინაციის მიხედვით. ტრადიცია არც წელს დაირღვა და გუშინ საღამოს 2010 წლის საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები გამოვლინდა.
„საბას“ პრემიის ფინალამდე, საზოგადოებისთვის ჟიურის წევრების შემადგენლობა უცნობი იყო, სწორედ 10 ივლისს, საღამოს გაიგო საზოგადოებამ მათი ვინაობა, ვინც ლიტერატურული ნაწარმოებების ბედი გადაწყვიტა. ესენი არიან: მწერალი გურამ ოდიშარია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მთარგმნელი, „საბას“ 2003 წლის ლაურეატი მანანა ღარიბაშვილი; მწერალი, „საბას“ 2003 წლის ლაურეატი ბესო ხვედელიძე; მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი და პოეტი, საბას 2009 წლის ლაურეატი, დიანა ანფიმიადი.
ფინალში ერთმანეთს კონკურენციას 56 ნამუშევარი უწევდა. გასული წლებისგან განსხვავებით, 2011 წლის „საბას“ დაჯილდოებაზე, გამარჯვებული, 9 ნომინაციაში დასახელდა. 2003 წლიდან დღემდე, სულ 7 ნომინაცია არსებობდა, მაგრამ წელს, იმის მაგივრად, რომ ესეისტიკაში, დოკუმენტურ ლიტერატურასა და კრიტიკაში ერთი გამარჯვებული გამოვლენილიყო, „საბამ“ ორი შემოქმედი დააჯილდოვა, რადგან ნომინაციებს კრიტიკა გამოეყო. რაც შეეხება ნომინაციებს, ასე გამოიყურება: „წლის საუკეთესო დებიუტი“, „წლის საუკეთესო კრიტიკა“, „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“, „წლის საუკეთესო თარგმანი“, „წლის საუკეთესო პიესა“, „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“, „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“, „წლის საუკეთესო რომანი“ და ჯილდო, „ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.
ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებულები კი არიან: „წლის საუკეთესო დებიუტი“ - თამთა მელაშვილი, პროზაული კრებულისთვის, „გათვლა“.
„წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“ - წარდგენილი იყო ორი ლიტერატურული ნაწარმოები და ჟიურის გადაწყვეტილებით, ორივე ნამუშევარი დაჯილდოვდა: ნუგზარ მუზაშვილი, „გაქცევა ისტორიიდან“ და შოთა იათაშვილი, „დალაგება“.
„წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“ - პაატა ქურდაძე, „ფსიქოდელიური ქრონიკა“.
„წლის საუკეთესო თარგმანი“ - გიორგი ლობჟანიძე, „გოლესთანი“.
„წლის საუკეთესო პიესა“ - თამაზ ექვთიმიშვილი, „პუანტები“.
„წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ - მაკა მიქელაძე, „მე და ჩემი კუსტურიცა“.
„წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ - გივი ალხაზიშვილი, „ჩაბრუნებული მზერა“.
წლის საუკეთესო რომანი“ - ერლომ ახვლედიანი, „კოღო ქალაქში“.
რაც შეეხება ჯილდოს, „ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“, იგი პოეტს, მწერალსა და მთარგმნელს - ვახტანგ ჯავახაძეს გადაეცა.
გასულ წლებში კი ამ ნომინაციის გამარჯვებულები იყვნენ: ვახტანგ ჭელიძე, ბაჩანა ბრეგვაძე, ოთარ ჩხეიძე, ანა კალანდაძე, თამაზ ჩხენკელი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი და გურამ დოჩანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ტრადიცია არც წელს დაირღვა და „საბას“ გამარჯვებულულთა წიგნს, „მატიანეს“, „საბა 2011“ წლის ნომინანტთა ავტოგრაფებიც შეემატა. ლიტერატურული პრემია „საბა“ საზოგადოებას ერთი წლით დაემშვიდობა, მომავალ წელს კი მისი ათი წლისთავის აღსანიშნავად, ორგანიზატორები შედარებით მასშტაბურ პროექტს გვპირდებიან.