ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს

  13:14:52     24-05-2019

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა კონსერვატიული კომიტეტის ხელმძღვანელ გრაჰამ ბრედისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ვერ შეძლო პარლამენტარების დარწმუნება ბრექსიტის შესახებ თავისი გეგმის სისწორეში.

ტერეზა მეის განმარტებით, თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.

მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2016 წელს გამართული რეფერენდუმის შემდეგ დაიკავა. საყოველთაო გამოკითხვის დროს მოსახლეობის მნიშნველოვანმა ნაწილმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც ევროპულ გაერთიანებაში დარჩენის მომხრე პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა.

პოსტის დაკავების შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში ტერეზა მეი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის, ე.წ. ბრექსიტის პროცესის წარმატებით წარმართვას ცდილობდა, თუმცა ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეულ შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ეწინააღმდეგებიან. ისინი დოკუმენტში არსებული რამდენიმე პუნქტის შეცვლას ითხოვენ. ბრიუსელში კი, 2018 წლის ნოემბერში მიღწეული შეთანხმების გადახედვაზე უარს აცხადებენ.