სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს... მე არ მიმიწერია

  14:58:39     23-05-2019

ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ომარ მახარაძე, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ამბობს, რომ ტელეფონი გაუტეხეს. ამის შესახებ მან TV 25-ს განუცხადა.

"ჩემი ტელეფონის აიქლაუდი გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით, მივლინებით ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნებზე, ეს მთელმა რაიონმა იცის. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება", - ამბობს ის.

სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში გამოცემა "ბათუმელებთან" დაადანაშაულა. გამოცემის ცნობით, სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს. მახარაძე თავის მხრივ ირწმუნება, რომ მესიჯები მას არ მიუწერია.

აღსანიშნავია, რომ, გავრცელებული ცნობით, იგივე ლექტორს სხვა გოგონა სექსუალურ შევიწროებაში 2 წლის წინათ ადანაშაულებდა, თუმცა, გოგონა ავტოკატასტროფაში დაიღუპა და გამოძიებაც შეწყდა.

ამჯერად, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. ლექტორს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა.