გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით ხუთი ფეხბურთელი დააკავეს

  13:51:16     20-05-2019

ბათუმის „დინამოსთან“ თამაშის შემდეგ, „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშეები დააკავეს. მათ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა ბრალდებათ. 

თვითმხილველების ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმართა გუნდის გასახდელში სამართალდამცველები შევიდნენ და „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი მოთამაშე დააკავეს: გუნდის კაპიტანი და მეკარე ჯონი შეროზია, მცველები გიორგი გეთიაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე, ასევე ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე და თავდამსხმელი პაატა ღუდუშაური.

გავრცელებული ვერსიით, მათი დაკავების მიზეზი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობა გახდა. თუმცა არის ვერსია, რომ შეკითხვები „რუსთავთან“ „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მატჩის შემდეგ გაჩნდა, რომელსაც „ვიტ ჯორჯია“ 2:0-ს იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გაშვებული სამი გოლით 2:3 დამარცხდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშეებს ბოლო თვეებია, აკვირდებიან. საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი წელს, 17 აპრილს თელავში გამართული საქართველოს თასის შეხვედრაა, რომელიც „ვიტ ჯორჯიამ“ ანგარიშით 0:3 წააგო.