სახვითი ხელოვნების უნიკალური აკადემია პენსილვანიაში

  11:21:54     09-07-2011

პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემია დაფუძნდა 1805 წელს ფილადელფიაში, პენსილვანიაში, მხატვარ და მეცნიერ ჩარლზ უილსონ პილის, სკულპტორ უილიამ რაშის და სხვა ხელოვანთა და ბიზნეს ლიდერთა მიერ. ეს უძველესი ხელოვნების მუზეუმი და სკოლაა აშშ-ში. აკადემიის მუზეუმი მსოფლიოში ცნობილია მე-19 და მე-20 საუკუნეების ამერიკული ფერწერის, სკულპტურისა და თაბახის ნამუშევრების უმდიდრესი კოლექციით. მის არქივებში დაცულია უმნიშვნელოვანესი მასალები ამერიკული ხელოვნების ისტორიის, მუზეუმებისა და ხელოვნების ტექნიკის შესასწავლად.

მუზეუმის ამჟამინდელი შენობა 1876 წელს გაიხსნა. შენობის პროექტი ეკუთვნით ამერიკელ არქიტექტორებს ფრენკ ფარნესსა და ჯორჯ ჰიუიტს და მას ეროვნული ისტორიული ლენდმარკის ტიტული აქვს მინიჭებული. შესაბამისად, ის ამერიკისა და თავად ფილადელფიის არქიტექტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად ითვლება. შენობას რესტავრაცია 1976 წელს ჩაუტარდა. მუზეუმის კოლექცია გამოფენილია ქრონოლოგიურ და თემატურ ფორმატში, და ამგვარად, მნახველი ამერიკის ხელოვნების ისტორიას ეცნობა 1760 წლიდან დღემდე.

დაფუძნებიდან, აკადემია აგროვებდა წამყვან ამერიკელ ხელოვანთა, ისევე როგორც თავად სკოლის გამოჩენილ კურსდამთავრებულთა ნამუშევრებს. 1811-1969 წლებში, აკადემია ორგანიზებას უწევდა მნიშვნელოვან ყოველწლიურ გამოფენებს, საიდანაც ხელოვნების ახალ ნიმუშებს იძენდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის აკადემიის მმართველ დირექტორს 1892-1905 წლებში ჰარისონ მორისს. მის პერიოდში შეძენილ ხელოვნების ქმნილებათა შორისაა სესილია ბოს, უილიამ მერიტ ჩეიზის, ფრენკ დუვენეკის, თომას იკინსის, უინსლოუ ჰომერის, ჩაილდ ჰასამია და ედმუნდ ტარბელის ნამუშევრები. ხელოვნების განვითარებისთვის საკუთარი წვლილისთვის, აკადემია 2005 წელს ეროვნული ხელოვნების მედალით დაჯილდოვდა აკადემიის ორასი წლის იუბილესთან დაკავშირებით.