ამერიკა NATO-ს ევროპულ ფლოტებს ანტირაკეტებით შეიარაღებას სთავაზობს

  20:22:41     08-07-2011

20 ივნისს, პარიზის საერთაშორისო ავიაკოსმოსური სალონის ფარგლებში ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე, ამერიკული ფირმა Raytheon-ის ვიცე-პრეზიდენტ ედ მიაშირომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააჟღერა. მისი თქმით, ურიგო არ იქნებოდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპული ქვეყნების სამხედრო ფლოტებს, შეიარაღებაში SM-3-ის ტიპის ანტირაკეტები მიეღოთ. ამ პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, ევროპის ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაში, ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა. 

ამერიკული კომპანიის განცხადებით, მან შეაფასა ევროპული სამხედრო ხომალდების შესაძლებლობები. შესაბამისად, გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, SM-3-ის ტიპის ანტირაკეტების განთავსება ბრიტანული, ფრანგული, ჰოლანდიური, დანიური, გერმანული, იტალიური და ესპანური ფლოტების ხომალდებზე შეიძლება. ჩამოთვლილი ფლოტების შეიარაღებაში თანამედროვე საბრძოლო ხომალდებია. მათ ბორტზე ფაზირებულცხაურიანი რადიოლოკაციური სადგურები და სხვა საჭირო აღჭურვილობა გააჩნიათ. ეს კი გაამარტივებს მათზე SM-3-ების ინტეგრირების პროცესს. 

ამჟამად, ჰოლანდია და გერმანია აქტიურად მუშაობენ თავიანთი სამხედრო ხომალდების ადაპტაციაზე ამერიკული შეიარაღებისთვის. გარკვეულწილად, აქ დიდი პოლიტიკის ხელიც ურევია. ევროპული ქვეყნების ფლოტები შეიარაღებაში ამერიკულ ანტირაკეტებს მიიღებენ. სანაცვლოდ კი, აშშ თავის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას ევროპაში "ფესვებს" გაუდგამს. ასეა თუ ისე, ამ გარიგების შემთხვევაშიც, აშშ-ც და ევროპაც კმაყოფილნი დარჩებიან. 

რაც შეეხება თავად ამერიკული წარმოების სახომალდო ბაზირების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, ის დასაბამს გასული საუკუნის 1960-იან წლებში იღებს. 1969 წლიდან მოყოლებული, აშშ აქტიურად მუშაობდა საბრძოლო მართვის პერსპექტიულ სისტემა Aegis-ის შექმნაზე, რომელიც თავის კლასში დღეისთვის ყველაზე მოწინავე სისტემას წარმოადგენს. მას ერთდროულად, ხმელეთზე, წყალზე, წყალქვეშ და ჰაერში მყოფი სამიზნეების გაკონტროლება შეუძლია. პირველი საზღვაო ხომალდი, რომელზეც ეს სისტემა დაყენდა, 1983 წელს მწყობრში შესული USS Ticonderoga იყო.  

სისტემის მთავარ კომპონენტს ოთხი ფაზირებულ ცხაურიანი ანტენის მქონე AN/SPY-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგური წარმოადგენს. ის ხომალდის გარშემო არსებულ სივრცეს 190კმ-ის რადიუსში სრულად აკონტროლებს. მას ერთდოულად 250-300 სამიზნის გაცილება შეუძლია. საწყის ეტაპზე, Aegis-ით აღჭურვილი ხომალდების მთავარ შეიარაღებას საზენიტო რაკეტები SM-2 წარმოადგენენ. 

სხვათა შორის, ამ ტიპის რაკეტებმა 290 სამოქალაქო ადამიანი შეეწირა. 1988 წლის 3 ივლისს ამერიკული ფრეგატი USS Samuel ირანის ტერიტორიული წყლების მახლობლად პატრულირებდა. იმ პერიოდში, ირან-ერაყი ერთმანეთში ომობდა და ამერიკულ ხომალდს ქუვეითის ტანკერები ერთმანეთთან მებრძოლი ქვეყნებისგან უნდა დაეცვა. იმ დღეს, ირანის ქალაქ ბენდერ-აბასიდან ირანული ავიაკომპანა Iran Air-ის კუთვნილი A300 აფრინდა. ლაინერი გაერთიანებული არაბთა საემიროების ქალაქ დუბაიში მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რეისს 655-ს ასრულებდა, ეკიპაჟის 15 წევრი და 275 მგზავრი იმყოფებოდა. ექსპერტები მომხდარის მიზეზს რამოდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. თუმცა, ფაქტია - ამერიკელებს ირანული ლაინერი, სავარაუდოდ, F-14-ის ტიპის გამანადგურებელში აერიათ. ფრეგატის ბორტიდან SM-2-ის ტიპის ორი რაკეტა გაუშვეს. მიზანს ორივე მათგანი მოხვდა. ჩამოგდებული თვითმფრინავი სპარსეთის ყურეში ჩავარდა. 

დღევანდელი დღისთვის, ხომალდებზე ძველი რაკეტები მოდერნიზირებული SM-3-ებით (Standard Missile) არიან შეცვლილნი. ამ უკანასკნელს, წინამორბედისგან განსხვავებით, ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო ქობინების განადგურებაც შეუძლია და ამგვარად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპონენტებს წარმოადგენენ. რაკეტის სიგრძე 6.55 მ-ია დიამეტრი კი - 0.34 მ. რაკეტის მოქმედების დისტანცია 500 კმ-ს აღწევს, სიმაღლის მიხედვით კი მას 250 კმ-ის სიმაღლეზე მყოფი სამიზნის "ჩამოხსნაც" შეუძლია. მისი ფრენის სიჩქარე 2700 მ/წმ-ის ტოლია, რაც 9720 კმ/სთ-ის ექვივალენტურია. 

2008 წლის 21 თებერვალს, საესკადრო ნაღმოსან Lake Erie-დან ნასროლმა სამსაფეხურიანი სქემის მიხედვით შექმნილმა SM-3-მა, 247 კმ-ის სიმაღლის ორბიტაზე, კინეტიკური ენერგიის საშუალებით, 36667 კმ/სთ-ის სიჩქარით მფრენი ავარიული სადაზვერვო თანამგზავრი USA-193 გაანადგურა. 

დღეისთვის, აქტიურად მუშავდება რაკეტის SM-6 ვარიანტში მოდერნიზაციის პროექტი. სავარაუდოდ, შეიარაღებაში მას 2011 წელს მიიღებენ.  

2008 წლის შემოდგომაზე, პენტაგონმა 103 რაკეტა SM-3 შეუკვეთა, საიდანაც 75 ამერიკულ ხომალდებზე განთავსდება, 27 კი - იაპონიის სამხედრო ხომალდებზე. 

სხვათა შორის, ამ სისტემის შექმნით, აშშ-მ დაარღვია 1974 წელს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების შემცირების შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც კრძალავდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საზღვაო, საჰაერო, კოსმოსური ან მობილური-სახმელეთო კომპონენტების შექმნას.  

აშშ-ს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის თქმით, ირანისგან მომავალი ბირთვული საფრთხისგან ევროპის დასაცავად, 2011 წლისთვის ხმელთაშუა ზღვაში Aegis-ის სისტემით აღჭურვილი სამხედრო ხომალდები განთავსდება, რომლებიც ირანიდან გაშვებული საშუალო და ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გადასაჭერად მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან.  

დღეისთვის, სისტემა Aegis-ი და მის შემადგენლობაში შემავალი SM-3-ის ტიპის ანტირაკეტები აშშ-ს (60 ცალი "არილ ბერკის" ტიპის საესკადრო ნაღმოსანი და "ტიკონდეროგას" ტიპის 22 სარაკეტო კრეისერი), იაპონიის (6 ხომალდი), სამხრეთ კორეის (3 ხომალდი), ესპანეთის (5 ხომალდი), ნორვეგიის (5 ხომალდი) და ავსტრალიის (3 ხომალდი) ფლოტების განკარგულებაშია. 

მაგრამ საზღვაო ბაზირების ანტირაკეტების ბაზარზე, აშშ-ს კონკურენტის სახით, ევროპული კონსორციუმი MBDA მოევლინება. საქმე იმაშია, რომ ეს ორგანიზაცია Aster-ის ტიპის საზენტო რაკეტებზე მუშაობს. მწარმოებლების თქმით, მათ ქმნილებას ამერიკულ "კოლეგასთან" შედარებით, არანაკლები ეფექტურობით შეუძლია ანტირაკეტის როლის შესრულებაც. თუმცა, ამ შესაძლებლობის განვითარებას, ევროპის ქვეყნებისგან სუფსიდირება სჭირდება, პერსპექტივაში, Aster-ების დაყენება ფრანგულ და ბრიტანულ ფრეგატებზე უნდა მოხდეს. 

სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ, ბათუმში მეგობრული ვიზიტით, Aegis-ის სისტემით აღჭურვილი ორი ამერიკული "ტიკონდეროგას" კლასის სარაკეტო კრეისერი იყო შემოსული. ესენი იყვნენ CG-68 Anzio და CG-61 Monterey. ამ ტიპის ხომალდებზე, 122 უნივერსალური ვერტიკალური გამშვები შახტებია დამონტაჟებული, რომლებშიც როგორც SM-3-ის ტიპის, ასევე Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსება შეიძლება.