ყანდაურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ მორიგი ახალი დეტალები ვრცელდება - 85 წლის მამაკაცის, ომარ გამყრელიძის გარდა, მკვლელობაში, სავარაუდოდ, მისი მეორე ვაჟიც მონაწილეობდა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია
14:51:56     11-05-2019
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობაში, სავარაუდოდ, ბრალდებულის მეორე ვაჟიც მონაწილეობდა. მას პოლიცია ეძებს. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ის ყოფილი სპეცრაზმელია. სამართალდამცავები დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს ეძებენ.
"კვირის პალიტრა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნოდარ გამყრელიძე წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, თუმცა ამ ეტაპზე ის სისტემაში არ მუშაობს. არსებული ინფორმაციით, ნოდარ გამყრელიძე, მიუხედავად ძმის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობისა, სოფელ ყანდაურაში არ გამოჩენილა.
ამ ეტაპზე ასევე დაკავებულია გამყრელიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი - ომარ გამყრელიძე. ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა-ტარებას ედავება. დაკავებული ახალგაზრდის ჩვენებით, მისი მამა ნოდარ გამყრელიძე რუსეთში აპირებდა წასვლას. მისივე ინფორმაციით, ამის დამადასტურებელი ვიზა მამის პასპორტში ნახა.
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ გამყრელიძეს საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთავს. გამორიცხული არ არის, რომ ის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანდაურაში 3 მაისს 4 ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. მოკლულია ბრალდებულ ომარ გამყრელიძის ვაჟი, რძალი და ორი მეზობელი, ხოლო მეუღლე, რომელიც დაჭრილი იყო, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი.