ლიბიაში აშშ-დან იარაღის გაგზავნა აიკრძალა
10:37:11     08-07-2011
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ, ლიბიელი ამბოხებულებისათვის იარაღის მიწოდება აკრძალა. გადაწყვეტილებას კენჭი გუშინ ეყარა.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, წინადადებას მხარი 225-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი 201 კანონმდებელი აღმოჩნდა. მიღებული გადაწყვეტილება, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, ამბოხებულების, ან ნებისმიერი სხვა ლიბიური დაჯგუფებისათვის იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას უკრძალავს. ასევე, აკრძალულია მათ სამხედრო მომზადებაში რაიმე სახით მონაწილეობაც.
როგორც ცნობილია, გასული თვის დასასრულს, ოფიციალურმა პარიზმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთის ხელისუფლება, ქვეყნის დასავლეთით დისლოცირებულ ლიბიელ ამბოხებულთა დაჯგუფებებს იარაღს აწვდიდა. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ამის მიზეზი ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის დახმარების გაწევა იყო, რათა მათ კადაფის შემოტევისაგან თავი თავადვე დაეცვათ.