ხუან გუაიდომ მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა

  15:55:54     02-05-2019

ვენესუელაში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები განახლდა. როგორც ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში წერს, ოპოზიცია განაგრძობს გამოსვლებს და ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

აქციებს უკვე მოჰყვა შეტაკებები პოლიციასთან. ოპოზიციის აქტივისტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით უპასუხეს.

პარალელურად ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მომხრეებიც მართავენ დემონსტრაციას. ნიკოლას მადუროს თქმით, მთავრობამ სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა.სატელევიზიო გამოსვლაში მადურომ, ვენესუელას წინააღმდეგ შეთქმულებაში აშშ-ი დაადანაშაულა და ოპოზიციის მხარდამჭერებს დასჯით დაემუქრა.

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა.

[I=1]ნიკოლას მადუროს ინფორმაციით, სახელმწიფო მოხელეებმა დაუმორჩილებლობის აქცია დღეს უნდა დაიწყონ.

გუშინ კარაკასში გამართული საპროტესტო აქციები მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი ქალი, დაშავდა 27 აქტივისტი.

ნიკოლას მადურომ, რომლის პრეზიდენტობიდან გადადგომასაც ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს, განაცხადა, რომ არ აპირებს ძალაუფლების დათმობას. მისივე თქმით, აშშ ვენესუელას მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი იანვრიდან დაიწყო. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუადიომ საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ქვეყნის ლიდერად 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და საქართველომ აღიარეს.

[I=2]როგორი იყო საერთაშორისო გამოხმაურება?

კრიზისთან ერთად, დაძაბულობა იზრდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეიმ განაცხადა, რომ კონფლიქტის გადასაჭრელად ამერიკამ შესაძლოა, დაიწყოს სამხედრო ქმედებების განხორციელება. ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები ადანაშაულებს რუსეთსა და კუბას ქვეყნის დესტაბილიზაციაში პრეზიდენტ მადუროს მხარდასაჭერად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პომპეუს განუცხადა, რომ ამერიკის გავლენა ვენესუელაზე დესტრუქციული იყო და საერთაშორისო სამართლის კანონდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.