კიბერშეტევა ქვეყანაზე იგივეა, რაც სამხედრო თავდასხმა

  20:45:48     07-07-2011

„საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც 2008 წელს, რუსეთის მხრიდან, კიბერშეტევა საკუთარ თავზე გამოსცადა“, - განაცხადა დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, ნატო–ს ეგიდით ჩატარებულ კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და საფრთხეებს ეხება. კონფერენციის ძირითადი თემა XXI საუკუნის მსოფლიო მასშტაბის პრობლემა, ენერგო და კიბერუსაფრთხოება და კიბერტერორიზმი იყო. „რედისონში“ გამართულ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ნატო-ს დელეგაცია ესწრებოდნენ, ბათუ ქუთელიამ ასევე განაცხადა, რომ „ასეთი შეტევები რუსეთის მხრიდან დღესაც გრძელდება. ცალსახაა, რომ ასეთ საფრთხეებთან გამკლავებისათვის მხოლოდ ერთი ქვეყნის რესურსი საკმარისი არ არის და საჭიროა საერთაშორისო თანადგომა. საქართველო ნატო-ს აქტიური პარტნიორია. ის არამარტო მოიხმარს ნატო-ს შესაძლებლობებს, არამედ დიდი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებაში. სწორედ ამ კონფერენციის ფარგლებში იქნება გაზიარებული მიდგომები, რომლითაც სამომამავლო საფრთხეები უნდა ავიცილოთ და ზემოქმედების ბერკეტები შევიმუშაოთ.“  

ექსპერტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარმა პოლკოვნიკმა ბესიკ ალადაშვილმა „პრესა.ჯი“–სთან 2008 წელს საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევაც გაიხსენა და XXI საუკუნის ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემის კიბერტერორიზმის დეტალებზეც გვესაუბრა: 

– აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, თავდაცვისა და სხვა სამინისტროების ოფიციალური ვებგვერდები კიბერშეტევის გამო გაითიშა, რომელიც თავისთავად რუსეთის მხრიდან იყო წამოსული. რამდენიმე დღე, გარდა ამ ძირითადი საიტებისა, სხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებებიც შეზღუდული იყო.  

– როგორ ხდება მსგავსი მასშტაბის კიბერშეტევა? 

– კიბერშეტევა ეს არის, რამდენიმე ათეული, შეიძლება ასეული კომპიუტერიდან ერთსა და იმავე მისამართზე, რაღაცა შეკითხვებით, უაზრო მასალის გადაქაჩვით, რამდენიმე წამში მილიონობით ინფორმაციის მიწოდებით კონკრეტული საიტის ტვინის გადატვირთვა–დაბინძურება და ამის შედეგად სერვერის გათიშვა ხდება.  

– როდის და რომელ ქვეყანაში განხორციელდა ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა?  

– სახელმწიფო დონეზე მსგავსი ფაქტი, პირველად 2007 წლის აპრილ–მაისში დაფიქსირდა, როდესაც ჰაკერებმა ესტონეთის საიტები გათიშეს. საკითხი ტალინში რუსი ჯარისკაცის ძეგლის აღებას და ქალაქგარეთ გადატანას უკავშირდებოდა. ამან ისე აღაშფოთა რუსები და რუსეთის ხელისუფლება, გაჩნდა დიდი ეჭვი, რომელიც ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ეს შეტევა რუსეთმა გახორციელა. ესტონეთი მაშინ უკვე იყო ნატო–ს წევრი და სწორედ ამის შემდეგ დადგა ნატოში უფრო სერიოზულად ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიების საკითხი. ჰაკერული შეტევა ძალიან სერიოზული ხიფათის შემცველია, რაზეც ბოლო დროს, ამ მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებებიც მეტყველებს.  

– იმდენად სერიოზული, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიბერშეტევა სამხედრო შეტევას გაუთანაბრა... 

– სწორედ ასეა. აშშ–მ კონგრესში განსახილველად კანონი შეიტანა, რომელიც კიბერშეტევას ჩვეულებრივ სამხედრო შეიარაღებულ თავდასხმას უთანაბრებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე ქვეყნის ჰაკერები, ვთქვათ პენტაგონის საიტს გატეხავენ, შეერთებული შტატები უფლებას იტოვებს, რომ ამ ქვეყანაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს. ამ კანონის მიღება ცოტა ჭიანურდება, რადგან ძალიან ბევრი ნიუანსია. პირველი, რომ ჭირს დადგენა, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან ხორციელდება კიბერშეტევა. მეორე ის, რომ ძნელია ზუსტად შეაფასო კიბერშეტევით გამოწვეული დანაკარგი, რომ შენც იგივე მასშტაბის ზარალი მიაყენო. ანუ ადექვატური იქნება თუ არა პასუხი, და იქნება თუ არა ეს, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. 

– ბათუ ქუთელიას განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ დღემდე ხორციელდება ასეთის სახის შეტევები, თუ არის თქვენთვის ცნობილი რა მასშტაბის შეტევებზეა საუბარი? 

– ბათუ ქუთელია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა და რადგან ამბობს რომ გრძლდება, ესე იგი ასეა. რადგან ეს საჯაროდ გამჟღავნებული არ არის, ესე იგი კონფიდენციალური ინფორმაციაა. მსგავსი შეტევების არსებობა გასაკვირი არ არის, რადგან ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს XXI საუკუნის პრობლემაა.  

– კონფერენციაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხიც დაისვა, რა ფორმით ხდება ამ მიმართულებით თანამშრომლობა? 

– პირველ რიგში ეს არის სპეციალისტების მომზადება და მობილური ჯგუფების შექმნა. ესტონეთის ამბის შემდეგ, ნატოს გადაწყვეტილებით შეიქმნა მსგავსი მობილური ჯგუფები. ყველა ქვეყანას უნდა ჰყავდეს კიბერტერორიზმისაგან დაცვისათვის ასეთი ჯგუფი, რომელიც დაამუშავებს სხვადასხვა კონტრღონისძიებებსა და გამონახავს ალტერნატიულ გზებს. 

ერთ ქვეყანას, მით უმეტეს საქართველოს, ფინანსურადაც და ინტელექტუალურადაც ეს გაუჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიმართულებით წინ არ ვართ და ნატო–სთან თანამშრომლობა ძალიან დადებითი ფაქტორია. იგი აუცილებლად პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. 

– ერთეულ დონეზე, ინტერნეტის რიგითმა მომხმარებელმა, როგორ უნდა დაიცვას საკუთარი ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტა, ან პროფილი სხვადასხვა სოციალურ ქსელში „ინტერნეტხულიგნებისგან“? 

– ერთ მაგალითს მოგიყვანთ და დასკვნა თავად გააკეთეთ. სულ ცოტა ხნის წინ, ფეისბუქმა სამსახურში 16 წლის გენიოსი ჰაკერი აიყვანა, რომელმაც შეერთებული შტატების დაზვერვის სამინისტროს სპეცსამსახურების საიტები გატეხა. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა 13 წლის მოზარდებმა უპრობლემოდ გატეხეს ძალიან დაცული საიტები. ანუ რიგითი მომხმარებელი, უძლურია. ჩემი რჩევა იქნება თქვენი საბანკო ანგარიშები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მაქსიმალურად კონფიდენციალური იყოს და უნდა მოერიდოთ მათ გადაგზავნას ელექტრონული ფოსტით. დაუცველი რიგითი მომხმარებელი კი არა, თავად სახლემწიფოებია. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, გლობალური პრობლემაა. ამის დასტურად შემიძლია გითხრათ, რომ კიბერტერორიზმის „წყალობით“ ამერიკის შეერთებული შტატები, ყოველწლიურად, 150–200 მილიარდ დოლარამდე კარგავს.