დაკავებულია უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც ამბობდა, რომ 10 ბავშვის დედაა
10:29:35     26-04-2019
ქუთაისის საავადმყოფოში სამართალდამცველებმა ის ქალი დააკავეს, რომელიც ამბობდა, რომ ათი უკრაინელი შვილის დედა იყო. სამართალდამცველებს რამდენიმე დღის განმავლობაში ეჭვი ჰქონდათ, რომ ბავშვები ქალის შვილები არ იყვნენ და მცირეწლოვნები ოკუპირებულ აფხაზეთში ტრეფიკინგის მიზნით გადაჰყავდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ 2017 წელს 4 შვილი მას როგორ შეეძინა, განაცხადა, რომ ეს სუროგაციის გზით მოხდა. შსს-მ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანით ვაჭრობას და ტრეფიკინგს ნიშნავს.
ამასთან, როგორც 20 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, უკრაინელი ბავშვების საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.
შსს-ში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილი იყო. ქალბატონი საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-ს განცხადების თანახმად, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი).
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.