ადვოკატი: ლევან ჯიბღაშვილს ნარკოტიკული საშუალება საკუთარი საჭიროებისათვის ჰქონდა შეძენილი
18:24:01     24-04-2019
ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება პირადი მიზნებისთვის ჰქონდა შეძენილი.
„ეს ნარკოტიკული საშუალება სხვისთვის არ შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, კვალიფიკაცია არა შეძენა-შენახვა იქნებოდა, არამედ სხვა. მას საკუთარი მიზნებისათვის, საჭიროებისათვის ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება შეძენილი და ინახავდა.
ლევან ჯიბღაშვილი არის ახალგაზრდა ადამიანი, ჰყავს მეუღლე, დღე-დღეზე ელოდება შვილს, ძალიან რთულია ამ მდგომარეობაში ადამიანს მოსთხოვოთ სრული გასაჯაროება პირადი ცხოვრების.
თუ მეკითხებით, არის თუ არა ლევან ჯიბღაშვილი აქტიური მომხმარებელი, ეს ასე არ არის. თუ იმას მეკითხებით, როგორც საქართველოს ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს, გასინჯული აქვს თუ არა ნარკოტიკული საშუალება, ეს თეორიულად დასაშვებია. თუმცა, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის მოსული და დადასტურებული არაა, იმყოფებოდა თუ არა, ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ", - განაცხადა გიგუაშვილმა.