იოანე ნათლისმცემლის შობისა და ხარების ამბავი ლუკას სახარებაში (გიორგი მთაწმინდელის რედაქცია)

  12:58:32     07-07-2011

დღეს, 7 ივლისს (ძვე. სტილით 24 ივნისს) ქართული ეკლესია აღნიშნავს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს.

პრესა.გე-ს მკითხველს ვულოცავთ ამ შესანიშნავ დღესასწაულს და ჩვენი სალიტერატურო დღეც ამას დავუკავშიროთ. დღეს მკითხველს ვთავაზობთ იოანე ნათლისმცემლის შობის ამბავი გავიხსენოთ ლუკას სახარებიდან, სადაც მისი შობის ისტორია ძალიან ხატოვნად და ლამაზად არის მოთხრობილი.

ყველა მკითხველი, თუნდ არ იყოს მორწმუნე, დაგვეთანხმება, რომ სახარების ავტორები შესანიშნავი მწერლები გახლდნენ, რომლებიც ძალიან დიდი ოსტატობით გადმოსცემდნენ ამბებს.

ძალიან მნიშვნელოვანია სახარების, ამ შემთხვევაში ლუკას სახარების პირველი თავის, მთარგმნელთა შრომაც. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მთარგმნელები უდიდესი ოსტატები გახლდნენ. ჩვენს წინაშეა გიორგი მთაწმინდელის მიერ შემუშავებული რედაქცია სახარებისა, დღეისათვის კანონიკური, რომელიც ოდნავ განსხვავდება მისი წინამორბედი სხვა დიდი მთაწმინდელის, ეფთვიმეს რედაქციისაგან. ეფთვიმე ათონელის რედაქციაც დიდი ტრადიციების მქონე მთარგმნელობითი ხელოვნების გაგრძელებაა. ალბათ, შუშანიკ დედოფლალს რომ "ევანგელე" ეკავა ხელში, ისიც წინამდებარე რედაქციის მსგავსად დიდებული იქნებოდა, ოღონდ ოდნავ განსხვავებული, ხანმეტი.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ ამ ტექსტს წმინდა სალიტერატურო და ენობრივი პოზიციიდან, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ქართული ენა ყოველთვის ძალიან ლამაზი, მარტივი, გამომსახველობითი და მდიდარი იყო.

არ ვარ მომხრე სახარებისა და სხვა ბიბლიური ტექსტების "თანამედროვე" ქართულად თარგმნისა, ისიც დედნიდან, თუმცა, ვაღიარებ, რომ ესეც საჭირო საქმეა, რომ ადამიანებმა უკეთ გაიცნონ სახარების შინაარსი, თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ კანონიკური ტექსტით სჯობს სახარების შესწავლა თავიდანვე. ამ მხრივ ძალიან მისასალმებელია ჩვენი ეკლესიის აუცილებელი ტრადიცია - წირვა-ლოცვისას მხოლოდ ძველი, კანონიკური რედაქციების კითხვა.

მაგრამ, ადამიანებს ვერ დაუშლი თარგმნას, პირიქით უნდა წავახალისოთ. ეს მათს დაოსტატებას შეუწყობს ხელს. მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, არც ერთ, ახალქართულად ბიბლიური ტაქსტების, მთარგმნელს, არ გაუვლია გულში, რომ მისი რედაქცია გახდება კანონიკური.

არ ვარ წინააღმდეგი სახარებისა და სხვა რელიგიური ტექსტების მეგრულად თარგმნისაც. ვინც თვლის, რომ ახალი ათონელია, თუნდაც მხოლოდ ოდიშის მასშტაბით, დაე ჩათვალოს...

ტექსტში იოტა ინით, ვიე ვინ-ინ-ით, ეი ენ-ინ-ით ხარი - ხან-ით შევცვალე, ვინაიდან, ამ ასოების დაბეჭდვის საშუალება არ იყო.

მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ლუკას სახარება (5-80) ამბავი იოანე ნათლისმცემლის შობისა და გაბრიელ მთავარაგგელოზის მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს.

ლუკას სახარება, 1

5. იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაისა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაი, და სახელი მისი ელისაბედ.

6. და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი.

7. და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.

8. და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა,

9. მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაი და შევიდა ტაძარსა უფლისასა.

10. და ყოველი სიმრავლე ერისაი ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.

11. და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაი, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთაისა.

12. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაი იგი, და შიში დაეცა მას ზედა.

13. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე.

14. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.

15. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღვინოი და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.

16. და მრავალნი ძეთა ისრაეილისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა.

17. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაისითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაითა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.

18. და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?

19. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას.

20. და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთვის, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თვისსა.

21. და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკვირდა დაყოვნებაი იგი მისი ტაძარსა მას შინა.

22. და გამო-რაი-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაი რაიმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.

23. და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თვისა.

24. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თვისსა ხუთ თუე და იტყოდა,

25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაი ჩემი კაცთა შორის.

26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაისა, რომლისა სახელი ნაზარეთ,

27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაი მის მარიამ.

28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.

29. ხოლო მან რაი იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაი ესე?

30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.

31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ.

32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თვისისაი,

33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ.

34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?

35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.

36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა, და ესე მეექუსე თუეი არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.

37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაი.

38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მხევალი უფლისაი; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.

39. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა.

40. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ.

41. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.

42. და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი!

43. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა?

44. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაჲ მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა.

45. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქუმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.

46. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,

47. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,

48. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;

49. რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,

50. და წყალობაი მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;

51. ყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაითა;

52. დაამხუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი;

53. მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;

54. შეეწია ისრაეილსა, მონასა თვისსა, მოხსენებად წყალობისა.

55. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.

56. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თვისა.

57. ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი და შვა ძე.

58. და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაი თვისი მის თანა, და მის თანა იხარებდეს.

59. და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაითამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია.

60. და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე.

61. და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქვიან სახელი ეგე.

62. და წამუყოფდეს მამასა მისსა, რაი-ძი უნდეს სახელის-დებად მისა.

63. და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი. და დაუკვირდა ესე ყოველთა.

64. და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაი, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.

65. და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკვიდრთა მისთა; და ყოველთა მათ მთით კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი.

66. და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაი-მე იყოს ყრმაი ესე? და ხელი უფლისაი იყოს მის ზედა.

67. და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა:

68. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაეილისაი, რამეთუ მოჰხედნა და ყო ხსნაი ერისა თვისისაი;

69. და აღმიდგინა ჩუენ რქაი ცხოვრებისაი შორის სახლსა მას დავითის, მონისა თვისისა;

70. ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაითა საუკუნითგან წინაწარმეტყუელთა მისთაითა,

71. ცხორებასა მტერთა ჩუენთაგან და ხელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაისა;

72. ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოხსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა;

73. ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა

74. უშიშად ხსნად ხელთაგან მტერთა ჩუენთაისა,

75. მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

76. და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,

77. მიცემად მეცნიერებაი ცხორებისაი ერსა თვისსა მოტევებად ცოდვათა მათთაითა,

78. მოწყალებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაითა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით

79. გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერხთა ჩუენთა გზათა მშვიდობისასა.

80. ხოლო ყრმაი იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაეილისა მიმართ.