იუჰან ბორგენის "ნოველა"

  12:54:14     07-07-2011

1992 წლის დასაწყისიდან თუ რამე კარგი გაკეთდებოდა საქართველოში, რამე ღირებული, არ მეგონა. მაშინ, როგორც ყველა ქართველი, მეც ფსიქოლოგიურად განადგურებული ვიყავი და არაფრის თავი არ მქონდა. ვსწავლობდი თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის V კურსზე, თუმცა, სწავლისთვის, ლიტერატურისთვის ვის ეცალა...

არ ვიცი 1992 წელს, გამოცემისთანავე თუ მომდევნო 1993-ში შევიძინე პატარა წიგნაკი სახელწოდებით "სკანდინავიური ესეები" (სიორენ კირკეგორი, გეორგ ბრანდესი, ჰერმან ბანგი, ჰალდორ ლაქსნესი, კნუტ ჰამსუნი, იუჰან ბორგენი, ავგუსტ სტრინდბერგი, არტურ ლუნდკვისტი, პერ ლაგერკვისტი) - მთარგმნელი უჩა შერაზადიშვილი.

წინასიტყვაობაში რედაქტორი როსტომ ჩხეიძე წერს: "სკანდინავიური ესეების" მომზადება და გამოცემა საერთო ესთეტიკურ-კრიტიკული ტენდენციის ნაყოფი და ნაწილია...

... საგულისხმოა, რომ უჩა შერაზადიშვილს არა ერთი ლიტერატურული წერილი თუ პუბლიცისტური ნარკვევი აქვს გამოქვეყნებული. თარგმნა და დაბეჭდა რამდენიმე ფრაგმენტიც ჯონ ფოლკნერის ბიოგრაფიულ-მემუარული წიგნიდან თავის სახელოვან ძმაზე "ჩემი ძმა ბილი", მაგრამ მისი ლიტერატურული საქმიანობის მთავარი ინტერესი, როგორც ჩანს, სკანდინავიურ ესეისტიკას უკავშირდება: ყოველი ნიმუში გემოვნებითაა შერჩეული და ბუნებრივი მეტყველების სამოსელში მოქცეული, რითაც შესაძლებელი გახდა, რომ ესეების შინაგანი ექსპრესია და ცოცხალი მუხტი არც ქართულად დაკარგულიყო. ხოლო ის ფაქტი, რომ ესეებს შორის უსათუოდ საგრძნობია შეფარული, ზოგჯერ კი აშკარა ურთიერთმიმართება, ამ კრებულის კიდევ ერთ ღისრსებას ამჟღავნებს."

კნუტ ჰამსუნი ძალიან მიყვარდა, დანარჩენების შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, მაგრამ, დავიწყე კითხვა და ძალიან ვისიამოვნე. "სკანდინავიური ესეები" მართლაც ისეთი კრებულია, რომ ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანი მასში ძალიან ბევრ საგულისხმოსა და საინტერესოს ნახავს.

და რაც მთავარია, წეღან ვახსენე, რომ ეს წიგნი 1992 წელს გამოიცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაშასადამე საქართველო დაღუპვას არ აპირებდა და არა მარტო თავისი, არამედ უცხოური ხელოვნებით თუ თეორიებით დაინტერესებული, გააგრძელებდა უცხოელი მოაზროვნეების თხზულებათა თარგმნა-გამოცემას. ეს კი უმნიშვნელოვანესი მომენტია ერის ცხოვრებაში, ვთარგმნი - მაშასადამე ვარსებობს, თუ შეიძლება ასე ითქვას.

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ უჩა შერაზადიშვილის მიერ თარგმნილი შესანიშნავი ესე იუჰან ბორგენისა - "ნოველა". ის დააინტერესებს ლიტერატურის ყველა მოყვარულს. ავტორი გვესაუბრება ნოველაზე, წარმოგვიდგენს თავის განმარტებას.

ცნობილი ნორვეგიელი მწერალი იუჰან ბორგენი (1902-1979), ასევე გამოჩენილი კრიტიკოსი და ესეისტი გახლდათ, რაშიც დღეს მკითხველი დარწმუნდება.

ნოველა

ვიღაცამ ასე დაახასიათა ნოველა: "ნოველა? .. ეს ხომ იმ სასაცილო ამბებიდანაა, გაზეთებში რომ იბეჭდება".

ჩემი ყურით მოვისმინე შობის წინადღეს, წიგნის მაღაზიის დახლთან მდგარი ქალის სიტყვები: "არა, არა, ნოველები არ მომწონს, სევდიან გუნებაზე მაყენებს". ეს გამონათქვამები დამახასიათებელია, რადგან სრულიად საპირისპირო შეხედულებებს გამოხატავენ ნოველაზე; ისევე დამახასიათებელია, როგორც სხვადასხვა ეპოქების სპეციალისტ-ლიტერატურათმცოდნეთა აზრი იმაზე, თუ რა არის ნოველა. ასე მაგალითად, ი. პ. იაკობსენის ნოველას "მოგენსი" კრიტიკოსთა შემდგომმა თაობამ რომანი უწოდა. ჰემინგუეის ერთ-ერთ ნოველას კი რამდენიმე წლის მერე ესკიზი დაარქვეს.

კრიტიკოსები, ნაყოფიერი მწერლის მდიდარ შემოქმედებას რომ აცნობენ მკითხველს, ხშირად ურჩევენ მას: კითხვა დაიწყეთ ნოველებიდან, თუ გინდათ გაიგოთ უფრო რთული აგებულების ნაწარმოებიო.

არადა, უფრო მართებული იქნებოდა სრულიად საწინააღმდეგოს თქმა: დაიწყეთ რომანიდან, შეეჩვიეთ მის დახვეწილ მრავალსახოვნობას, გაიარეთ დიდი გზა, სადაც შეგხვდებათ ხატოვანი ასოციაციები, კომენტარები, განმარტებები. შეგიძლიათ ეს გზა გაიაროთ აუჩქარებლად, ძალდაუტანებლად. თქვენს ყურადღებას მიიპყრობს მრავალრიცხოვანი სიუჟეტური ხაზების შერწყმა და საიმედო ორიენტირად გამოგადგებათ.

ამის მერე მიმართეთ ნოველას. ის პატარ-პატარა ულუფებით კვებავს თქვენს წარმოსახვას, მიგიძღვით წინ, გიჩვენებთ ბილიკებს, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ მოსახვევიდან მოსახვევამდე, სასვენებელი ნიშნებით გეხმარებათ აზრი ტექსტი ნაწარმოებისა, უღრანიდან ნათელ მინდორზე გადიხართ ავტორთან ხელიხელჩაკიდებული - თქვენ ხომ უკვე დამეგობრდით ამ გზაზე.

მაგრამ ყველაზე უმჯობესია მესამე რჩევა: იკითხეთ, რაც გსურდეთ. ერთ მშვენიერ დღეს კვლავ მოგინდებათ გაირბინოთ სტაიერის დისტანცია, სხვა დროს მოკლე, სწრაფი სპრინტი მიგიზიდავთ.

სწორედ ასეთ დღეებში ადამიანი ყველაფერს ივიწყებს კითხვისათვის. ეს არის მშვენიერი დღეები. თვითონ წიგნის ყდა, გარეკანი გიღვიძებთ კითხვის სურვილს და დაე, იჟრიამულონ კიბეზე ბავშვებმა, გადმოვიდეს ყავა, გამოირთოს სინათლე - ფანჯარას მიუჯდებით და ჩამავალი მზის სხივების ციალში კითხულობთ წიგნს. ასეთ დღეს ყველაფერი მოკლე, დაძაბულ რიტმს ემორჩილება; ეს არის ნოველების კითხვის დღე. ასეთი რამ ეხმარებათ იმათ, ვინც წერს, და იმათაც ვინც კითხულობს. დღე, თვე, წელიწადი გაბანგული ცხოვრობს ადამიანი წყვეტილი რიტმით, რომელიც კოსმიური რიტმის ექოსავით ჟღერს. ეს არის ნოველების შექმნის დრო მწერლის ცხოვრებაში. სხვა პერიოდებში იგი სხვა რიტმებით ცხოვრობს.

ნოველის ანგლო-საქსურ ტიპს ახასიათებს ბირთვის მაგვარი მტკიცედ შეკრული სიუჟეტური ამბავი - "story". შეიძლება თუ არა ამის გამო მას მოთხრობა ეწოდოს? არა, მოთხრობა - რაღაც სხვაა. მისი მოქმედება არ არის ასე მიზანმიმართული და თნდათანობით ვითარდება. ამის მიუხედავად მოთხრობის ფორმა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის მოითხოვს თხრობის კიდევ უფრო უკეთეს რიტმს. ჟანრში რომელსაც ვსაზღვრავთ უთარგმნელი ტერმინით "story", ვგულისხმობთ რაღაც შებოჭილ კონსტრუქციას, ინტრიგას.

ისეთი განსხვავებული მწერლები, როგორიცაა კიპლინგი, ედგარ უელესი, ჯოზეფ კონრადი, ქმნიან "story"-ზე დაფუძნებულს ნოველებს.

თანამედროვე ამერიკული ნოველა, რომელიც ბევრს მიაჩნია სანიმუშოდ და ისეთად, დღევანდელ მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებს, ამავე ტრადიციიდან მოდის, თუმცაღა, ისეთი გამოჩენილი ნოველისტი, როგორიცაა სტაინბეკი, შესაძლებლად თვლის მნიშვნელოვანწილად აუაროს გვერდი ნოველის ამ სახეობას. მას შეუძლია გაბედულად "ჩაეფლოს" აბსტრაქციებში, მაგრამ არ დაივიწყოს სიუჟეტი, და, არსებითად, არც არსდროს წყვეტს კავშირს მასთან. ეს კავშირი მეტნაკლებად მჭიდროა, დროდადრო ის მეტად სუსტია, და რაც უფრო სუსტია, მით უკეთესად არის აგებული ნოველა! ეს საიმედო კავშირი ცხოვრებისეულ საფუძველთან წარმოადგენს ანგლო-საქსური ნოველის თავისებურებისა და ძალმოსილების საიდუმლოს. ვფიქრობ, მისი ტექნიკა ზეპირი მოთხრობის ტრადიციაზეა დაფუძნებული.

მომხიბლავად მოთხრობილი ამბები ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ სცადეთ, იგივე ამბავი მოუყვეთ ვინმე სხვას, სხვა ვითარებაში. ათიდან ცხრაჯერ არაფერი გამოგივათ. და ამას თვითონვე იგრძნობთ ჯერ კიდევ თხრობის დამთავრებამდე. გეჩვენებათ, რომ ან თქვენ თვითონ "ვერ ახერხებთ", ან კიდევ მსმენელი "ვერ მოგყვებათ", ერთი სიტყვით, ამბავი "არ გამოდის".

რატომ? რაღა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში აშკარად ეპიგონის როლს თამაშობდით. კაცი, ვისგანაც ამბავი მოისმინეთ, ამ ამბავს სულ სხვა გვარად მოყვებოდა სხვა ვითარებაში. სიტუაცია, სივრცე, განათება მას სულ სხვა რიტმს მიანიჭებდა.

მაგრამ მწერალი, ამ ტრადიციას რომ გრძნობს და უნარიც აქვს, სიჩუმეში გარდაქმნის ზეპირს წერილობითად, თქმულს - დაწერილად, და შეიგრძნობს, რომ დაწერილი ისეთსავე ზემოქმედებას ახდენს, თითქოს ცეცხლის პირას მოეთხროთ. ასე გარდაიქმნება ზეპირი თხრობა წერილობით ფორმად, რითაც, საბოლოოდ, განსხვავდება ანგლოსაქსური სკოლა.

რუსულ ნოველას, რომელიც სხვა იდეალურ ტიპს წარმოადგენს, ახასიათებს მოქმედების ხანგრძლივი განვითარება. და არა იმიტომ, რომ მოცულობითაა დიდი. მაგალითად, ჩეხოვის ნოველები ხშირად ძალზე მცირე ზომისაა, მაგრამ რიტმი მეტად გამოზომილი აქვს, ზოგჯერ კი ოდნავ შესამჩნევი. რუსული კლასიკური ნოველის ნიმუშების დიდი ნაწილი წარმოადგენს გარკვეული სიტუაციის აღწერას, რომლის კონტურებიც მქრქალადაა მოხაზული და იკარგება წვრილ, განყენებულ ფიქრებსა და მრავალრიცხოვან ასოციაციურ კავშირებში, თავის მხრივ, უდიდესი შინაგანი ძალით რომ იზიდავენ მკითხველს.

აიღეთ, მაგალითად, მშვენიერი მარგალიტი, დოსტოევსკის მოთხრობა "უგვანი ანეკდოტი". დავინახავთ, რომ ავტორისეული შეხედულება ქორწილის ტრაგიკომიკურ შემთხვევაზე იქმნება ივან ილიჩ პრალინსკის ცნობიერების მეორეულ პლანში, ხოლო პრალინსკის შინაგან სამყაროს დეტალურად ვეცნობით პირველივე ფურცლებიდან. მოვლენები თავიდანვე სწრაფად ვითარდება, მაგრამ განსაკუთრებით მუხტავს მას სულიერი მდგომარეობა ადამიანისა, ვისაც უკვე კარგად ვიცნობთ.

დიახ, მსგავსად ტრამპლინიდან მხტომელისა, მოქმედება იჭრება მაღლა და თან მიაქანებს ჩვენს წარმოსახვას.

იგივე შეიძლება ითქვას ტურგენევის პეიზაჟის სიმშვიდეზე. ამ შემთხვევაში ყველაფერ განწყობილება განსაზღვრავს. არაფერი ისე უცხო არ არის თხრობის ამ ფომისათვის, როგორც "story"-ს ტრადიცია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნოველა ახლოა მუსიკასთან: სონატასთან, რა თქმა უნდა, და არა სიმფონიასთან. ისიც მიაჩნიათ, რომ ნოველა დრამასაც უახლოვდება. ზოგჯერ მას ფერწერასაც ადარებენ, დაზგურს და არა მონუმენტურს. ეს შედარებები ემყარება ნოველის განსაზღვრებას, როგორც ინტუიტურად თუ რაციონალურად აგებული სინთეზური თხრობის სახეს, სადაც თანაფარდობა ნათქვამსა და უთქმელს, გამოთქმულსა და ნაგულისხმევს შორის ავტორის ნება-სურვილით არის ნაკარნახევი.

ეს მსგავსება ნოველისა ფერწერასა და მუსიკასთან უნდა გვახარებდეს მწერლებს, ვინც მცირე ზომის ნაწარმოებებს ვქმნით და ვქმნით არა სიზარმაცის გამო, ნოველების წერა ხომ დიდ შემოქმედებით დაძაბულობას მოითხოვს.

ეს ტემპერით ნახატსა ჰგავს, სადაც მოხაზული შტრიხის შეცვლა უკვე შეუძლებელია. სუსტი ადგილით აღძრული შთაბეჭდილების შეცვლა უკეთ დაწერილი ადგილით, როგორც რომანში ხდება, აქ შეუძლებელია. ნოველისტი ვერ დაეყრდნობა მკითხველის მოწყალე დამოკიდებულებას, ნოველამ მხოლოდ ინფორმაცია კი არ უნდა გადასცეს მკითხველს, უნდა აიყოლიოს კიდეც. დრამამ, უპირველესად, გრძნობებზე უნდა იმოქმედოს. ამიტომაა, რომ ნოველები, ისევე, როგორც ლექსები და დრამები, გარკვეულად პრეტენზიულნი არიან. ეს ჟანრები სხვა ჟანრებზე მეტად გულისხმობს ერთი სულის უშუალო ზემოქმედებას მეორეზე, და თუ ამას ვერ ახერხებს, თამაში წაგებულია.

უეჭველია ისიც, რომ თუმცა არსებობენ მარალმხატვრული ტენდენციური ნოველები, მთლიანობაში ნოველის ხელოვნება დაფუძნებულია თამაშის პრინციპზე, მხატვრულ გრძნობაზე. ისეთ მწერალ-ფსიქოლოგთან, როგორიც სიგურდ ჰიოლია, ნეველა ავანტურული რომანის თვისებებს იძენს, ხოლო ეივინ იუნსონის ზოგიერთი ნოველა ნატიფად ელეგანტურია. ნოველის ჟანრში მწერალი თითქოს რაღაც დიდი ტვირთისაგან თავისუფლდება. ჩვენთან, სკანდინავიაში, ამჟამად სწორედ ნოველამ წარმოაჩინა ახალგაზრდა მწერლების ინდივიდუალობა.

ნოველა ედრება ვულკანის ამოფრქვევას, რადგან მწერლის შინაგანი "მეს" სპონტანურ გამოვლინებას წარმოადგენს.

ჩვენ ვეძებდით განსაზღვრებას და მივაგენით კიდეც - ესაა "ამოფრქვევა". სხვაც შეიძლებოდა - "აფეთქება".

კინოში გვინახავს, როგორ იშლება და იფურჩქნება კვირტები, ეს არის უმშვენიერესი კადრები, რითაც კინომ დაგვასაჩუქრა.

მაგრამ ნუთუ ფოთოლი, ოდნავღა რომ ჰკიდია ყუნწზე და სადაცაა ჩამოვარდება კიდეც, არ ახდენს სრულქმნილობის ისეთსავე საამო შთაბეჭდილებას, როგორც კვირტის გაშლა?

ფოთოლი, რომელიც ეს-ესაა უნდა მოწყდეს ტოტს - ნეტარი წამებია. მოწყდება, რათა ჩამოვარდეს, მაგრამ მაშინვე როდი ეცემა: იმ კვირტმა, ოდესღაც, ადრეულ გაზაფხულზე რომ იშლებოდა, მას ფარფატის უნარი მიანიჭა.

და ისიც ფარფატებს, ქანაობს, ერთფეროვნად ირწევა ჰაერში.

ეს არის ნოველის არსი.

1975 წელი